ადამიანები ისტორიები

ბავშვი დამოუკიდებელი სახელმწიფოა – 83 წლის მასწავლებელი, რომელსაც დამსახურებული პედაგოგის წოდება მიენიჭა

“ბავშვს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ისე ვუყურებ. ამისთვის მასწავლებელს დიპლომატია მოეთხოვება”, – ამბობს მასწავლებელი, რომელიც 61 წელია სკოლაში მუშაობს.

ზინა კალმახელიძე ქარელის ერთ – ერთ სკოლაში გეორგაფიას ასწავლის. 83 წლის მასწავლებელი ჩვენთან საკუთარ ბავშვობას იხსენებს და ამბობს, რომ გეოგრაფია არასდროს უყვარდა და არც ამ სპეციალობაზე უფიქრია. ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა ეს სურვილი ვერ აისრულა.

“სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე, ვოცნებობდი ქირურგი გამოვსულიყავი და კიბოს წამალი გამომეგონებინა. 1957 წელს მედალოსნებისთვის ცალკე გამოცდები იყო და სამედიცინო ფაკულტეტზე რთულად ხვდებოდნენ სტუდენტები – ქრთამის გარეშე, ეს ვერ ხერხდებოდა. გამოცდაზე მაინც წავედით მეგობრები, ვისაც ეს პროფესია გვინდოდა, კიბიდანვე ჩამოგვყარეს, არც შეგვიშვეს. შემდეგ ქიმიის მიმართულებით წავედი, მაგრამ 1 ადგილზე 11 სტუდენტი იყო. დედაჩემმა მითხრა, აბა აქ როგორ მოხვდები, ვინ არის შენი პატრონიო და ყველაზე ნაკლები სადაც იყო, გეოგრაფია, გეოლოგია, იქ შევიტანე საბუთები. აი, ასე მოვხვდი ამ პროფესიაში”, – იხსენებს პედაგოგი.

გეოგრაფიით ზინა კალმახელიძე მალევე დაინტერესდა და სწავლასაც მეტი მონდომებით შეუდგა.

სწავლა რომ დავიწყე უნივერსიტეტში ჩემი თავის შემრცხვა, ისე მომეწონა ეს ფაკულტეტი. იმ დროს ვინმეს რომ ეთქვა, უგამოცდოდ სამედიცინოზე გადაგიყვანთო, უარს ვიტყოდი, ჩემი ადგილი ყოფილა სკოლაში და ბავშვებთან”.

ზინა კალმახელიძემ პედაგოგად მუშაობა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო. როგორც თავად ამბობს. სიყვარულმა მშობლიური ქალაქი დაატოვებინა და ყაზბეგში გადავიდა საცხოვრებლად.

“პირველად ყაზბეგში დავიწყე მასწავლებლად მუშაობა, შეყვარებული მყავდა იქაური, რომელიც ჩემი მეუღლე გახდა. დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა. წლების მერე კი, ისევ ქარელს დავუბრუნდი, ახლაც მოქმედი პედაგოგი ვარ, 61 წელია “სცენაზე ვდგავარ”. ბავშვების გარეშე არ შემიძლია, არდადეგები რომ იწყება, მოვიწყენ ხოლმე, მენატრებიან”.

სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზას, მასწავლებელი ყოველ დღე ფეხით გადის. გზად ხშირად ხვდება თავის აღზრდილებს და ამბობს, რომ მათგან მიღებული სითბო და სიყვარული მთელი დღის საგზლად ჰყოფნის.

“ბევრი მოსწავლე გამოვზარდე, რომელსაც ჩემი საგანი სჭირდებოდა და უფასოდ მოვამზადე, ჩემს მოსწავლეებს ფულს როგორ გამოვართმევდი?! სამაგიეროდ დღეს ვიმკი ამას – ქუჩაში რომ გავდივარ, სულ რომ ნახევარი საათის საქმე მქონდეს, რამოდენიმე საათით ვჩერდები. მხვდებიან ჩემი ნამოწაფრები, მეფერებიან მკითხულობენ, მე ეს მაბედნიერებს. ხან ვფიქრობ დავემშვიდობო სკოლას და წამოვიდე, მაგრამ ხელმძღვანელობა არ მიშვებს, ჩვენი სკოლის დირექტორს ამის გაგონებაც არ უნდა”.

ზინა კალმახელიძე უფროსი მასწავლებელია. მან ასევე დამსახურებული პედაგოგის წოდებაც მიიღო. ამბობს, რომ კომუნისტების დროს პედაგოგის სამკერდე ნიშნითაც დააჯილდოეს.

“თანამდებობები მაქვს გამოვლილი, დირექტორი, კლასის ხელმძღვანელი, კომუნისტების დროიდან ვზრდი ბავშვებს, წინა წლებში მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობები უფრო სხვა იყო, უფრო მოკრძალებულები იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვმეგობრობდი და უშუალო ურთიერთობები მქონდა. არ არსებობს ნიჭიერი და უნიჭო ბავშვი, მთავარია გაუგო მათ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.