ადამიანები ისტორიები

7 წლიდან ვიოლინოსთან ერთად – ფატი სადაღაშვილის ისტორია

7 წლის იყო, როცა ახლობლებმა მისი მუსიკალური ნიჭი შეამჩნიეს და მუსიკაზე შეიყვანეს. სწორედ აქედან დაიწყო ფატის დაინტერესება ვიოლინოთი და როგორც გვეუბნება, მთელი ცხოვრების საყვარელ საკრავადაც იქცა. 

“ჩვენ არ ვირჩევდით, რომელ წრეზე შევიდოდით. ახლა მოსწავლე, რომ მოჰყავს მშობელს, ეკითხება შვილო გინდა თუ არ გინდაო. მე მამამ მიმიყვანა მუსიკაზე, აღმოჩნდა, რომ მქონდა აბსოლუტური სმენა, მამას მოსწონდა ვიოლინო და რაღაცნაირად დამაყენეს ამ რელსებზე”.

ფატი სადაღაშვილმა მუსიკალური სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა თბილისის სამუსიკო სასწავლებელში გააგრძელა, იქიდან მშობლიურ ქალაქს, ხაშურს დაუბრუნდა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში გამოვდიოდი კონკურსებზე, სოლო კარიერას მაინც არ გავყევი. პედაგოგიური საქმიაობას მივყევი და ვეღარ მოვიცალე საკუთარი თავისთვის. 32 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, ახლა უკვე ის მახარებს, ჩემს მოსწავლეებს, რომ ვხედავ სცენაზე”.

ფატი ხაშურის სკოლასთან არსებული სიმებიანი ანსამბლის ხელმძღვანელია. ის ასწავლის ყველას, ვისაც ნიჭი აქვს და შრომა არ ეზარება. 

“როდესაც ვიწყებდი, მახსოვს, არც ისე პოპულარული იყო ეს მიმდინარეობა, თითქოს დასცინოდნენ მათ, ვისაც ვიოლინოზე დაკვრა აინტერესებდა. დროსთან ერთად ახალგაზრდებისგან ინტერესი ბუნებრივად გამოიკვეთა და ქალაქს თანდათან მოეფინნენ ვიოლინო გადაკიდებული გოგო ბიჭები”.

მასწავლებლობა ფატისთვის საყვარელი საქმეა, თუმცა თავად დაკვრა – შვება. 

“როგორც კი დროს მოვიხელთებ, დავჯდები და ვუკრავ ჩემთვის, იმას რაც მსიამოვნებს და რის განწყობაც მაქვს”.

მუსიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ფატიმ საკუთარ შვილებსაც გადასდო. მისმა ორივე შვილმა დედის პროფესია აირჩია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.