“გაზაფხულის პირველი ჭექა-ქუილი მაისის დასაწყისს ემთხვევა. ეს პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან ვიცი, რომ ჩემს ეზოში უამრავი ვარდი გამოიღვიძებს და საოცარ სურნელს დაატრიალებს ჰაერში”, – ამბობს ეკა გერმისაშვილი, რომელსაც საკუთარი სახლის ეზოში სხვადასხვა ფერის, ვარდები აქვს გახარებული, – “ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩართულია ამ სილამამაზეების მოვლა პატრონობაში. მხოლოდ ჩემ მეუღლეს ვანდობ გასხვლას. მან იცის, რომ სამ კვირტზე უნდა გასხლას და ზედმეტი ფოთლები მოაცალოს”.
ეკა გერმისაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თეძმისხევში ცხოვრობს. ყვავილები და განსაკუთრებულად ვარდები ბავშვობიდან უყვარს. როგორც თავად ამბობს, თუ სადმეს ლამაზი და უცხო ვარდი ნახა, ტოტს აჭრის და შემდეგ აფესვიანებს, სოფელში ყველამ იცის, რომ “ეკას ვარდები” ყველასგან გამორჩეულია.
“ეზოში ალბათ 300 ძირი ვარდი მაქვს დარგული, სხვადასხვა ფერის და სუნის, იასამნისფერი, ლურჯი ყვითელი, თეთრი წითელში, სტაფილოსფერი. ჩემი მეზობლები მოდიან ხოლმე და მთხოვენ დავუფესვიანო, მათაც რომ გაახარონ. ზოგი ისეთი უცნაური ფერის და ფორმისაა აღტაცებაში მოჰყავს ვინც ნახულობს”.
ეკა 22 წელია ოჯახში დამხმარე დიასახლისად მუშაობს. როგორც თავად გვიყვება, მცირე ბიზნების დაწყების იდეა იმ ოჯახში დაიბადა.
“სადაც ვმუშაობ, იმ ოჯახს ბევრი ვარდები ჰქონდა დარგული ეზოში. ერთხელ ავჭერი და წამოვიღე სახლში გასახარებლად. თითქმის ყველა ძირმა იხარა. მერე ოჯახის დიასახლისმა მირჩია ჩემი საქმე წამომეწყო, დამეფესვიანებინა ვარდის ტოტები და გამეყიდა. 4 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, ახლა 3 მეასედზე მაქვს დარგული, მაგრამ სამომავლოდ მინდა გავაფართოვო”.
ეკა ახლა უკვე თავადაც უზიარებს სხვებს თავის გამოცდილებას – აძლევს რჩევებს და მცენარეების სწორად მოვლაში ეხმარება.
“დაფესვიანება რთულია. გააჩნია, როგორ ტოტს აარჩევ, ნედლი არ უნდა იყოს, ფესვსს ვერ იკეთებს. ვრგავ მიწაში და ვაფარებ პოლიეთილენის ბოთლს. ერთი წელი ასეა. მომავალ წელს უკვე ყვავის. შეიძლება 5 ნერგიდან სამმა არ გაიხაროს, ან ყველა გაყვავდეს. ისე კი, არასდროს ვიცი წინასწარ, რა ფერი გამოვა, როდესაც ვჭრი ტოტებს ყველას ერთიანად ვრგავ და გაზაფხულზე უკვე ვხედავ შედეგს”.
ეკამ სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა “ეკას ვარდები”. ამბობს, რომ სოციალური ქსელი საკუთარი ბიზნესის რეალიზებაში ეხმარება.