ბლოგები

პეტიცია – უფლება, რომლითაც ადამიანები ვერ სარგებლობენ

ავტორი: მამუკა მარღიშვილი, საჯარო მმართველობის დოქტორი

ადგილობრივ თვითმმართველობას სახელმწიფოს მართვასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ქვეყანაში დადგა სისტემური რეფორმის დრო. არსებული საბჭოური სისტემიდან, დემოკრატიულ მმართველობაზე გადასვლა და მძიმე მემკვიდრეობის შეცვლა, არც თუ ისე ადვილი გახლდათ. ამიტომ ქართული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას XX საუკუნის ბოლო ათწლეული მთლიანად დასჭირდა.

რამოდენიმეჯერ შეიცვალა თვითმმართველობის კოდექსი. მეტ-ნაკლებად განისაზღვრა ყველა ის ნორმა, რაც თვითმმართველობის ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. ორგანულ კანონში ჩაიწერა ისეთი პუნქტები, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გარდაქმნას. ერთ ერთი ასეთია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა – პეტიცია.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს. მაგრამ დიდი ქალაქებისთვის, როგორებიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი, გორი და ა.შ.  ეს ძალიან დიდი რიცხვია, რაც ართულებს მოქალაქეთა მობილიზებას. გარდა ამისა მცირე ან საშუალო პრობლემის მოგვარების მხრივ, მას თან ახლავს სხვა ბიუროკრატიული ბარიერებიც, რომელიც კიდევ უფრო ართულებენ პეტიციის წარდგენის შესაძლებლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ევროპული გამოცდილება

აღნიშნული ნორმის ევროპული გამოცდილება კონკრეტულად კი პრაღის მაგალითი გვიჩვენებს, რომ თითქმის მილიონიანი ამომრჩევლის პირობებში რეგულაცია უფრო გამარტივებულია. ამისათვის კი საკმარისია 1000 ხელმოწერა მოქალაქეთა მხრიდან,  რომ პეტიცია წარდგენილად ჩაითვალოს. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ეფექტიანი და შედეგიანი გადაწყვეტილებებისა. სხვა უფრო მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში კი 20-30 ხელმოწერაც საკმარისია.

შესაბამისად, საქართველოში ადგილობრივ თვითმმართველობებში პეტიციის წარდგენის სტატისტიკა არც თუ ისე მაღალია, ხოლო ჩვენს რეგიონის (შიდა ქართლი) არცერთ მუნიციპალიტეტში დღემდე პეტიცია წარდგენილი არაა. მიუხედავად მცდელობებისა, ვერც ერთმა პეტიციამ საბოლოო მიზნამდე ვერ მიაღწია, იმ ბარიერების გამო, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ.

ამიტომ, ერთია კარგად დაწერილი კანონი, მაგრამ მთავარია, მოქალაქეებმა სწორად და ადეკვატურად გამოიყენონ ის, რადგან  თვითმმართველობის სიძლიერე და განხორციელების ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული მასში მოქალაქეთა მონაწილეობაზე.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა და აღმასრულებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების ყველა სტადიაზე, რადგან მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამ პროცესში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა, აქვს მოქნილ და მოქალაქეზე ორიენტირებულ საკანონმდებლო ნორმებს.

დატოვეთ კომენტარი