ბლოგები

როგორ მეხმარება სოციალური ქსელი ხალხის დახმარებაში?

ავტორი: ზაზა მეხრიშვილი

ზოგადად ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია საერთოდ არ გამოვჩნდე. მაგრამ როცა პრობლემას ვხედავ, არ შემიძლია გავჩუმდე და თვალები დავხუჭო. შესაბამისად, მიწევს აქტიურობაც.

სწორედ ასე, 2014 წელს ფეისბუქ გვერდი “ხაშური ჩემი ქალაქია“  შევქმენი. ბევრ უსამართლობას ვხედავდი, რაც ხაშურში ხდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს სცოდავდა ქალაქის წინაშე. ტელევიზიები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ხაშურში მიდინარე მოვლენებს. ამიტომ ვიფიქრე, რომ ხალხის სათქმელი ვიღაცას უნდა გაეჟღერებინა. მინდოდა შემექმნა ისეთი სივრცე სადაც მოქალაქეები შეძლებდნენ აზრის დაფიქსირებას, ან თუნდაც რამის გაპროტესტებას.

დავიწყე ყველა იმ უსამართლობაზე ღიად წერა, რასაც ვხედავდი. დროთა განმავლობაში გვერდმა მოიპოვა პოპულარობა და ხალხის ნდობა. უამრავი ადამიანი მწერდა და მწერს სხვადასხვა პირადი თუ ქალაქში არსებული პრობლემის შესახებ. მეც ვცდილობ ეს სიახლეები ისე გავაჟღერო, რომ საჭირო ადამიანების ყურებამდე მივიდეს და რეაგირება მოჰყვეს. 

ვფიქრობ, ფეისბუქ გვერდმა ნამდვილად მიაღწია იმ მიზანს, რისთვისაც შევქმენი:

  • 1. ამ გვერდმა წლების განმავლობაში მოახერხა საზოგადოების ინფორმირება, ხაშურში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
  • 2. ხალხმა თავადაც დაიწყო აზრის გამოთქმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მანამდე მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა ასე ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიციები.
  • 3, ეს გვერდი ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც სასარგებლო საქმეს აკეთებს, რადგან აქ მარტივადაა შესაძლებელი გაიგო ხალხის განწყობები, საჭიროებები და პრობლემები.

ამ ყველაფრით დასტურდება, რომ სოციალურ ქსელში აქტიურობას ნამდვილად შესწევს ძალა სასარგებლო ცვლილებები გამოიწვიოს ქალაქში. 

ისიც კარგად დავინახე, რომ ნამდვილად არ არის რთული კეთილ საქმეში თანამოაზრეების გამონახვა – ხაშურს ჰყავს ბევრი წარმატებული ადამიანი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად. სწორედ ამის გაცნობიერებამ მიბიძგა უფასო სასადილოს შექმნისკენ.

 უფასო სასადილოს გახსნა დიდი ხანია მინდოდა, თუმცა ვერ ვახერხებდი. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ ჩემს ინიციატივას გამოუჩნდა ისეთი ქომაგი, როგორიც ლევან გამრეკელია. პირველ ეტაპზე შევძლებთ 30 ოჯახის გამოკვებას. დროთა განმავლობაში კი ეს რიცხვი გაიზრდება. ცხოვრება ყოველთვის მარწმუნებს იმაში, რომ მთავარია მოინდომო და ყველაფერი გამოვა. მით უმეტეს როცა კეთილ საქმეს ემსახურები.

დატოვეთ კომენტარი