ბლოგები

როგორ ეხმარება ბავშვს ხელსაქმე განვითარებაში?

ავტორი: ხათუნა ჩიტაძე 

სკოლაში 17 წლიდან ვმუშაობ. თავიდან შრომის მასწავლებელი ვიყავი, ახლა კი ხელოვნებას ვასწავლი. ამ წერილში მინდა სწორედ ჩემი დაკვირვება გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ ავსნა, თუ როგორ ეხმარება ხელსაქმე ბავშვს განვითარებაში. 

ჩემი მრავალწლიანი დაკვირვებით,  ხელგარჯილობა, იგივე ხელსაქმე, დადებით გავლენას ახდენს ბავშვებს –  მას აქვს ფსიქოემოციური გავლენა, ავითარებს ხელის მოტორიკის და თვითდამკვიდრების უნარებს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უჭირთ კალმით წერა, ხატვა, ნაძერწობის შექმნა. ხოლო მოსწავლეები, რომლებიც დადიან ხელგარჯილობაზე, აშკარად უკეთ ახერხებენ ყველა დავალების ზედმიწევნით შესრულებას. მათი ნაწერი უფრო სუფთა, ლამაზი და გააზრებულია. ასევე, მაღალ კლასებში, ასეთი მოსწავლეები სხვა დავალებებს მარტივად ასრულებენ – არ უჭირთ ხელოვნების პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, მაკეტების გაკეთება და ნივთების აწყობა-დამზადება. 

ხელსაქმე მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენაშიც ეხმარება – ბავშვები უფრო ხალისიანები არიან, სიხარულით ამზადებენ  სხვადასხვა ნივთებს და თავმომწონედ წარუდგენენ მათ სხვებსაც. ეს კი თავისთავად აუმჯობესებს ბავშვების აკადემიურ მოსწრებას სკოლებში.

“სწავლა კეთებით” – ჩემი საყვარელი მეთოდი

ბავშვებთან ერთად ვზივარ და უშუალოდ ჩემი ქარგვის პროცესს უყურებენ. შემდეგ ერთად ვხატავთ მათთვის სასურველ ნახატს ან ორნამეტს და ჩემი დახმარებით, ინდივიდუალურად ვაწყებინებ მუშაობას. ძალიან უხარიათ პირველ შედეგს რომ ხედავენ, თვითრწმენა უღვივდებათ.

9-16 წლის მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ქარგვა, შექმნილ ნამუშევრებს სიხარულით იყენებენ. ძალიან ეფექტურია, 7-10 ბავშვი როდესაც ერთადაა, ჯგუფური მუშაობის დროს ერთმანეთს აკვირდებიან,  ადარებენ ნამუშევრებს, ცვლიან აზრებს და საქმეც წარმატებულად გამოსდით.

ვფიქრობ, სწავლის დონე გაცილებით მაღალი იქნება, თუ პედაგოგები სწავლების პროცესში მეტად გამოიყენებენ მეთოდს ,,სწავლა კეთებით“. ეს მეთოდი კარგად  მუშაობს. ვიცით, რომ  ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს, მაგრამ მორგება ნებისმიერ საგანზეა შესაძლებელი.
   

დატოვეთ კომენტარი