ბლოგები

როგორ გამომყავს ეკოლოგიურად სუფთა ჩირი სახლის პირობებში?

ავტორი: სოფია  გოგინაშვილი

ორი წლის წინ რომ გეკითხათ, ვერაფერს გეტყოდით ჩემი დღევანდელი საქმიანობის შესახებ. 

დღევანდელი ჩემი სამეწარმეო საქმიანობის იდეა  სწორედ ოჯახზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე ფიქრში გაჩნდა. როცა კოვიდ პანდემია მძვინვარებდა, მაშინ დავფიქრდი, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადამიანის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს და ასე მივედი ამ იდეამდე – შემექმნა, პროდუქტი რომელიც მარტივად წასახემსებელი,  ძალიან მარგებელი იქნებოდა და იმუნიტეტს გაგვიძლიერებდა. ასე შეიქმნა მშრალი ხილის ‘’ხემსი’’

ოჯახის პირობებში დავიწყე ჩირის მომზადება. პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო, ამიტომ გადავწყვიტე მეტი ინფორმაცია მიმეღო წარმოების პროცესის შესახებ. გავიარე სხვადასხვა სწავლების კურსი, ჩავერთე ტრენინგებში, რაც ერთგვარი მუხტი იყო იმისა, რომ ეს საქმე ბიზნესად მექცია.  იდეა მეუღლემ  მომიწონა და შევუდექი საქმიანობას. 

საქმის საწარმოებლად საჭირო იყო საწარმოო დანადგარი და მოწყობილობები, რაც საკუთარი სახსრებით შევიძინეთ და ოჯახის დახმარებით შევუდექი წარმოების პროცესს. 

ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოე თითქმის ყველა სახეობის სეზონური ხილის ჩირი: ვაშლი, მარწყვი, ქლიავი,გარგარი, საზამთრო,ნესვი, ატამი, ლეღვი, ფორთოხალი.  

წარმოების პროცესში არ ვიყენებთ ქიმიური დანამატებს და შაქარს. ამიტომ  არის უსაფრთხო და შენარჩუნებული აქვს სასარგებლო თვისებები.

პროდუქტი რომ ჯანსაღი და გემრიელი იყოს  აუცილებელია ცალკეულ ეტაპზე შესაბამისი ნორმების დაცვა, თუნდაც სახლის პირობებში. ამიტომ  პარალელურად ვიღრმავებ ცოდნას სურსათის უვნებლობის საკითხებსა  და წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებში. 

2022 წლიდან ,,ხემსი’’ ახალ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს – ეს არის ხილის ჩაი-გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო ეფექტით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ მის შეფუთვა ეტიკეტირებასა და კონკრეტულ  სეგმენტისთვის მიწოდებაზე.

“ხემსის” პროდუქცია წარმოდგენილია ხაშურში და თბილისში ერთეულ ლოკაციებზე. იყიდება ონლაინ პლათფორმებიდან შეკვეთით. ვცდილობთ დაფინანსების მოპოვებას, რაც ჯერ არ მიგვიღია. გარდა ფინანსურისა, სხვა გამოწვევებსაც ვაწყდებით. 

ვფიქრობ ქართულმა ბაზარმა ქართული  ნატურალური პროდუქტი უფრო მარტივად უნდა მიიღოს ობიექტებში და მეწარმე  მხოლოდ ონლაინ გაყიდვით არ უნდა შემოიფარგლოს.  ბევრი ქალი მეწარმეა, რომელიც  დიდი ენთუზიაზმითაა შეჭიდებული საყვარელ საქმეს და  გარკვეულ საფეხურზე საჭიროებს  დახმარებას და ხელშეწყობას სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციებისგან, თუნდაც საიმედო პარტნიორს და გამოცდილების გაზიარებას.  

ვფიქრობ, მეწარმეობა ამოსავალი წერტილია ქყვეყნის ეკონომიკისთვის. მნიშვნელოვანია მეტი მატერიალური დოვლათის შექმნა, რასაც წარმოების გაძლიერება და ექსპორტის ზრდა უნდა მოყვეს. 

დატოვეთ კომენტარი