“ამ ქალაქიდან ისე არ უნდა წახვიდე “წნული”, რომ არ დაათვალიერო”, – კასპში გრიშაშვილის N4-ს ნებისმიერი ადგილობრივი მიგასწავლით, – “სანაპიროს უნდა გაუყვეთ, ხიდი შეგხვდებათ, ამ ხიდს გადაივლით და 5 წუთის სავალზეა”, – ხელის მოძრაობით მიმართულებას მოგცემენ და დაგემშვიდობებიან.
“წნული”, – ასე ჰქვია სოციალურ საწარმოს, რომელიც 2015 წელს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის დაფუძნდა. იდეის ავტორები და დამფუძნებლები მამა-შვილი პარკაძეები არიან. დავით პარკაძე “მოზაიკასთან” ორგანიზაციის შექმნის იდეაზე საუბრობს.
“ეს არა მხოლოდ დასაქმების წყარო, არამედ იდეების გენერირების ადგილია, სადაც ბევრი საინტერესო იდეა განხორციელდა, მათ შორის საფეხბურთო კლუბი. სოციალურ საწარმოში ვამზადებთ ავეჯს, სხვადასხვა სუვენირებს, ჩანთებს, აქსესუარებს, რომელიც ვფიქრობთ მალე გავა უცხო ქვეყნებშიც”, – ამბობს დავითი.
დავითი პროფესიით ბიზნეს ადმინისტრატორია, თუმცა ამ სპეციალობით არასდროს უმუშავია. ის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კასპში დაბრუნდა და მამასთან ერთად საწარმოს დაარსებაზე დაიწო მუშაობა. პირველად, მას ფინეთის ფონდი დაეხმარა. საწყისი კაპიტალის გაჩენის შემდეგ, ფართი იჯარით აიღო, მოაწყო, გარემო ადაპტირებული გახადა და მუშაობას შეუდგა.
“მამაჩემი ეტლით მოსარგებლეა, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე მას შემდეგ ერთად დავიწყეთ მე და მამამ ამ ორგანიზაციის შექმნაზე ფიქრი. გვინდოდა მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც პროდუქტიული იქნებოდა და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები პროფესიულ უნარ – ჩვევებს განივითარებდნენ. აქცენტი გვაქვს დასაქმების ხელშეწყობის განვითარებაზე”.
“წნული” კასპის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა. შშმ კავშირი თავის მხრივ მათ უფლებების დაცვაზე მუშაობს. ორგანიზაციის ერთ- ერთი აქტივობის შედეგად, შშმ პირთა კავშირმა, დაახლოებით 7 წლის წინ 200- მდე შშმ პირი დააკმაყოფილა ეტლით. დავითის თქმით, როდესაც გადაადგილების პრობლემა მოგვარდა, ორგანიზაციამ მათ დასაქმებაზე დაიწყო ფიქრი.
“აღმოჩნდა, რომ ბევრ მათგანს დასაქმების სურვილიც ჰქონდა. შემდეგ დავამუშავეთ ეს გეგმა. კასპში არის ასეთი სოფელი გომი, სადაც ოსტატებისგან ვისწავლეთ წნულით დაწვნა, შემდგომში ადაპტირება მოვახდინეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. ჩვენ უსინათლოც გვყავს, რომელსაც ვასწავლეთ ეს საქმე და ინკლუზია შევიმუშავეთ”.
დავითი საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც ეტლი არ ჰქონდათ, წლების განმავლობაში სახლიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებდნენ.
“20-15 წელი ეტლი არ ჰქონდათ მათ, ვინც მუშაობდა ან ახლა მუშაობს ჩვენთან. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საერთოდ არ გამოსულან გარეთ და ამ ჩვენი წამოწყების შემდეგ დაიწყეს მუშაობა და გარემოსთან ადაპტირება”.
სოციალურ საწარმოს აქვს საამქრო, რომელიც პანდემიის შემდეგ შეჩერებულია. დავითი ამბობს, რომ სამომავლოდ საამქრო ფუნქციონირებას დაიწყებს. ორგანიზაციის სამომავლო გეგმებში შედის პროდუქციის სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდება და პროფესიულ სასწავლებლებთან მოლაპარაკება გადამზადების კურსის გასაკეთებლად.