ისტორიები ისტორიული ძეგლები

ხის ბოძებით აშენებული და ადგილობრივების მიერ შეკეთებული სალოცავი წითელუბანში

ავტორი: თათია ცეცხლაძე

გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ წითელუბანში სასაფლაოდან 200 მეტრის მოშორებით, სალოცავი დგას, რომელიც ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთმა მოსახელემ ხის ბოძებითა და ქვით ააშენა.

სალოცავის შესახებ წითელუბნის სკოლის ისტორიის პედაგოგი, ამირან შავაძე გვესაუბრა.

“ადრე აქ ყოფილა ოთხი მუხის ბოძი მიწაში ჩარჭობილი და გადახურული. ერთ-ერთ ადგილობრივს, გიგა ქუძიევს ურმით ჩამოუტანია ბოძები და ქვა. შემდეგ წითელუბნის მოსახლეობამ შემართებით დაიწყო სალოცავის აშენება. შიგნით მოაყოლეს ეს ბოძებიც და ისინი ახლაც სალოცავშია”, – გვიყვება ამირან შავაძე .

მასწავლებლის თქმით, 2014 წელს სალოცავი საკუთარი ხარჯებით შეაკეთა ანატოლი ბუკულოვმა.

„გაუკეთა ხის გუმბათი. ბუკულოვმა სალოცავის აღსადგენად მუშები მოიყვანა, ასევე ეხმარებოდა რამდენიმე ადგილობრივიც“, – ამბობს ამირან შავაძე.

მოგვიანებით სალოცავის მიმდებარე ტერიტორია მოსახლეობამ მოაწესრიგა, დადგეს მაგიდა და მოაწყეს ეზო.

„აღნიშნული სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისაა, წითელუბნელები მას “ბარზონდ ძუარს” უწოდებენ, რაც ქართულად “მაღალ სალოცავს” ნიშნავს. სალოცავში ყველა გვარის წარმომადგენელს ჰქონდა თავისი ნიში, რომლებიც თავის დროზე სხვა სოფლებიდან ჩამოიტანეს”. – გვითხრა შავაძემ.

ადგილობრივები სალოცავში, მხოლოდ დღესასწაულებზე მიდიან, რადგან საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს და მოსახლეობა ხშირად ასვლას ერიდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.