ოთახში პატარა მაგიდა დგას, რომელზეც სხვადასხვა ხელსაწყოები ალაგია. მაგიდა ყურადღებას კარის შეღებისთანავე იქცევს. ზედაპირზე მოფენილი, კუბებად დაჭრილი ფიგურები, ერთი შეხედვით პლასტელინს მოგაგონებთ, რომლითაც ხშირად გვითამაშია ბავშვობაში. ეს სალომე მაისურაძის სამუშაო სივრცეა, სადაც ის პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.
თიხაზე მუშაობა სალომემ მაშინ დაიწყო, როცა კოვიდი დაუდასტურდა. კარანტინში მყოფს დრო დეკორაციების დამზადებით გაჰყავდა. თიხასთან მუშაობა არ გასჭირვებია, პირიქით, მისთვის ეს სახალისო, საინტერესო და ემოციურ პროცესად იქცა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები მრავალფეროვანია. სალომე სხვადასხვა დიზაინის, ფინჯნებს ლამბაქებს, ჩაიდნებს, საშაქრეს და დეკორატიული ნივთებს ამზადებს.
“ვიდრე თიხას გამოვიწერდი ჩემი დის საძერწები გამოვიყენე და შევქმენი ყვავილები, რომელიც ფინჯანს მივამაგრე და ახლობლებს გავუზიარე, ამის შემდეგ გამოვწერე თიხა და დავიწყე მასზე მუშაობა”.
მუშაობის დაწყებამდე, სალომე ჯერ ფერებს არჩევს და თიხას ხელში არბილებს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ხელის გულები ათვინიერებს მასალას. მუშაობის პროცესი რთული და დამღლელია, ამიტომ მას ოჯახის წევრები ეხმარებიან.
“ფიზიკურად დიდი ძალა სჭირდება თიხის დარბილებას. პროცესში ჩართულია მამა, დედა, და, ძმა, ბიძა… ვისაც როგორ შეეუძლია ,ისე მეხმარებიან. ვიდრე თიხას შევისწავლიდი, მეგონა, რომ მას ორთქლი მარტივად დაარბილებდა. ერთხელ მახსოვს, სადილის მდუღარე ქვაბს შევუშვირე, საიდანაც ორთქლი ამოდიოდა, მცდელობა კრახით დასრულდა – თიხა მოთუხთუხე ქვაბში ჩამივარდა. ხელოვანს ასეთი ამბებიც შეიძლება დაემართოს”.
სალომე დღის ნებისმიერ დროს შეიძლება ნახოთ მიმჯდარი სამუშაო მაგიდასთან. როდესაც მომინდება ძერწვა, ვჯდები და ამ სამყაროს ვეთიშებიო, გვეუბნება და რამდენიმე ისტორიას გვიყვება.
“მახსოვს ლამბაქზე და ფინჯანზე მზესუმზირები უნდა გამომეძერწა, 5 საათი გაუნძრევლად ვიჯექი. ამ დროს არაფერი არ მინდა, არც ჭამა, არც წყალი, სრულიად გადართული ვარ დეკორაციების შექმნაზე”, – ამბობს მაისურაძე და სახელდახელოდ გამოძერწილ ყვავილებს გვაჩვენებს, რომლებიც ფინჯანზე მისაკრავად გაამზადა, – “თიხასა და ფინჯანს თერმულად ვამუშავებ. ფინჯნის ზედაპირს, სადაც უნდა მივაკრა ნამუშევარი “ვშკურკავ” და გლუვს ვხდი. ასევეა ნამუშევრის შემთხვევაში, ისიც გლუვი უნდა იყოს რომ დამაგრდეს”.
“მთხოვენ რომ ძერწვის წრე გავხსნა, მაგრამ უარს ვამბობ, რაც მე არ მისწავლია, სხვას როგორ ვასწავლო არ ვიცი”, – გვეუბნება სალომე და იმ პირველ ნამუშევარს გვაჩვენებს, რომელიც წლების წინ შექმნა, – “ეს ნაძვისხე გამოვძერწე პირველად, რომ მკითხოთ როგორ გამომივიდა, გეტყვით, რომ არ ვიცი, ჩემი ინტერპრეტაციით ხდება ყველაფერი”.
სალომე 22 წლისაა და ქარელში ცხოვრობს, ის ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტია. სამომავლოდ სურს, რომ სწავლა გააგრძელოს, თუმცა არც საყვარელი საქმე არ უნდა, რომ დაივიწყოს.
“სტუდენური ცხოვრება რთულია, იმ ფონზე, როდესაც სხვა საქმეც გაქვს. ხან არის, რომ მე ძერწვა მინდა, მაგრამ ამ დროს გამოცდა მაქვს და უნდა მოვემზადო, მიწევს დროის სწორად გადანაწილება. თუ შეკვეთებიც მაქვს მითუმეტეს, ხან შუაღამით ვჯდები სამუშაოდ. ვცდილობ, არცერთი საქმე არ დავაზარალო და ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ორივე გამომდის”.
სალომე სამომავლოდ გეგმავს ისწავლოს კერამიკაზე და ზეთზე მუშაობაც.