სტატიები

ომის 6 ვეტერანი რეგიონში და მერიების განსხვავებული დამოკიდებულება მათ მიმართ

შიდა ქართლში მეორე მსოფლიო ომის 6 ვეტერანი ცხოვრობს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში მიულოცეს ომის ვეტერანებს.

ქარელის მერიამ ომის ვეტერან 94 წლის ვიქტორ ოდიკაძეს 1 000 ლარს გადასცა.

ერთი ვეტერანი, 100 წლის ნინო ქუდაძე-გელაშვილი ცხოვრობს ხაშურში, რომელსაც მერიამ 300 ლარი გადასცა. მერიის ცნობით, მან ასევე მიიღო სასურსათო პაკეტიც.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ 1000 – 1000 ლარი გადასცა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2 ვეტერანს.

“ფულადი საჩუქრის გარდა ვეტერანებს გადაეცათ სასურსათო პაკეტიც, რომელიც მერიის წარმომადგენლებმა სახლში მიუტანეს”, – უთხრეს “მოზაიკას” კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გორის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის 2 მონაწილე ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მათ გორის მერიამ 300 – 300 ლარი გადასცა.

“წლის განმავლობაში 800 ლარამდე თანხაა გათვალისწინებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის, ყოველი წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღეს მერია ურიცხავს 300 ლარს და ასევე ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიიღონ დახმარება 200 ლარის ოდენობით”, – განმარტავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. 1945 წელს მეორე მსოფლიო ომმა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად, 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.