სტატიები

“ერთად ცვლილებებისკენ” – ძევერის სკოლის მოსწავლეები თემის განვითარებისთვის

ავტორი: ეთო დურული

ახალგაზრდების განვითარების და გარშემო არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, ძევერის სკოლის მოსწავლეები პროექტს “ერთად ცვლილებებისკენ” ახორციელებენ. ამჟამად, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრები ცდილობენ სასიკეთო ცვლილებების ინიციატორები გახდნენ. ამ ყველაფერში კი მათ არაფორმალური განათლება ეხმარება.

“არაფორმალური განათლება გვიქმნის ისეთ გარემოს, სადაც ვმოქმედებთ და ვსწავლობთ, საკუთარი ინტერესების მიხედვით”, – ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მერაბ ავაქოვი.

ჯგუფის შვიდივე წევრი ძევერაში ცხოვრობს. ისინი კარგად იცნობენ საკუთარი სოფლის პრობლემებს და სწორეთ მათ მოსაგვარებლად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს. ძირითადად კი, საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ და ცდილობენ უკეთ დაინახონ ის გამოწვევები, რაც მათ გარშემომყოფებს აწუხებთ.

“წავაწყდით ისეთ პრობლემას, როგორიცაა ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება კლასგარეშე და მოხალისეობრივი საქმიანობებით. ზუსტად ამან განაპირობა გორის ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ჩვენი მონაწილეობა, რომელმაც ახალგაზრდები გაგვაერთიანა და საშუალება მოგვცა ჩვენი საქმიანობისთვის უფრო მასიური სახე მიგვეცა”, – ამბობს ნინო კეჩხუაშვილი.

სკოლამ პროექტის განსახორციელებლად, დაფინანსება “ევროპის ფონდისგან” მიიღო. საპროექტო იდეის შექმნის გარდა, სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი პროექტის განხორციელებაშიც არიან ჩართულები.

“მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად, იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას და სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, რის შედეგად, ისინი უფრო თავდაჯერებული და მეტად მოტივირებულები ხვდებიან. არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მთლიანად ინდივიდის მოთხოვნებზეა აგებული და მათ პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს”, – გვეუბნება სკოლის დირექტორი ნუნუ წეველიძე.

სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ლელა გეჯაძე ამბობს, რომ ახალგაზრდებისთვის უფროსების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

“ხშირად მოსწავლეებს აკლიათ გამბედაობა და მათ სჭირდებათ წახალისება, გვერდში დგომა და დარწმუნება, რომ მიზნის მიღწევას შეძლებენ. თითოეულ მოსწავლეში ხომ შემოქმედი, კრეატიული ადამიანი იმალება. ყოველთვის ვცდილობ მათ ყოველ წამოწყებას ხელი შევუწყო, რათა ახალგაზრდებმა თავისუფლად შეძლონ ცხოვრებაში საკუთარი თავის რეალიზება”, – ამბობს ლელა გეჯაძე.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.