ქარელში ტრანსპორტი ქაოტურად მოძრაობს. საგზაო ნიშნების მიუხედავად, თითქმის უკონტროლოდ ხდება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება, რაზეც მძღოლები და ფეხით მოსიარულეები ერთნაირად წუხან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქს პარკირების მოწესრიგებული სისტემა სჭირდება.
პრობლემა განსაკუთრებით იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ – ერთ-ერთ მოსაცდელთან ხშირად მანქანებია გაჩერებული, რის გამოც, მძღოლი მგზავრებისთვის მიკროავტობუსის მოსაცდელთან გაჩერებას ვერ ახერხებს.
პრობლემები მძღოლებსაც ექმნებათ – მანქანის გაჩერების სირთულის გარდა, ისინი ავარიის რისკებზეც საუბრობენ.
“ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, დიდი დისკონპორტი ექმნება მოსახლეობას გადადგილებისას”, – გვეუბნება ქარელის საკრებულოს წევრი გარხარიას პარტიიდან, ვასიკო ბაქრაძე.
მისი თქმით, გამოსავალი პარკირებისთვის ადგილების გამოყოფა და შესაბამისი ინფრაქსტრუქტურის მოწყობაა.
“იყო ცალხმირივი მოძრაობა, მაგრამ არც ამან უშველა. ვფიქრობ ცალხმრივი მოძრაობა გამოსავალი არაა. მე ვაპირებ საკრებულოს სხდომაზე წამოვჭრა პარკირების მოწესრიგების საკითხი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა მოიძებნოს რაიმე გზები პრობლემის მოსაგვარებლად”.
აპირებს თუ არა ადგილობრივი ხელსიუფლება ქარელში პარკირების სივრცის მოწყობას? – ამ საკითხზე “მოზაიკა” მერის მოადგილეს ესაუბრა.
“პარკირებისთვის ადგილები არ გვაქვს. მოშორებით პარკირების გაკეთებას აზრი არ ექნება. ამ საკითხზე მოქალაქეებისგან მომართვაც არ ყოფილა. მოუგვარებელი პრობლემები კი არ არსებობს”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდის გამო, ქალაქში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.