ახალი ამბები

ქვემო ახალსოფლის მოსახლეობას სასმელი წყალი არ აქვს

ავტორი: დოდო კუთარაშვილი

გორის მუნიციპალიტეტში, ქვემო ახალსოფლის მოსახლეობას წლებია სასმელი წყალი არ აქვს.  ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში წყლის სისტემა არ არსებობს. ორ ადგილას ბუნებრივად მოედინება და იქიდან ვიმარაგებთო, – აღნიშნავენ ისინი.

სოფელში ოჯახების ნაწილს ჭები აქვთ, თუმცა როგორც გვიხსნიან, ამით პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ გვარდება.

“ყველანაირ ხელსაქმეზე წყალი მჭირდება, სადილს ჭის წყლით ვერ გავაკეთებ. ბავშვები მყავს, ჭის წყალს ვერ ვასმევ და ვყიდულობთ”, – გვეუბნებიან ჯავახიშვილების ოჯახში.

შედარებით რთულ მდგომარეობაში მოხუცები არიან, რომლებსაც ჭებიც დაუშრათ და დამოუკიდებლად წყლის მომარაგებაც არ შეუძლიათ.

“ადრე ჭა მაინც მქონდა, ახლა ისიც დაშრა და სახარჯი წყალიც აღარ მაქვს. ჩემი შვილი ჩადის სოფლის ბოლოში და სასმელ წყალს იქიდან ეზიდება. მოხუცი ქალი ვარ, წყლის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ, მეზობლებსაც ვეღარ ვაწუხებ”, – გვეუბნება ჟუჟუნა.


როდის უნდა ელოდოს სოფელი პრობლემის მოგვარებას? – ამ კითხვით “მოზაიკა” მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა. დავით ცერცვაძემ გვითხრა, რომ ამ საკითხზე ადგილობრივ ხელსიუფლებას უკვე ესაუბრა.

“წყლის სისტემა სოფელს არასდროს ჰქონია, ამაზე საუბარი მქონდა მერიის შესაბამის სამსახურებთან, უნდა დაიწეროს პროექტი და გამოცხადდეს ტენდერი, საკითხი დღისწესრიგში დგას, თუმცა წელს ვერ მოესწრება”.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.