ბლოგები

პოლიტიკიდან ემიგრაციაში – რატომ წავედი ქვეყნიდან?

ავტორი:  გიორგი მარჯანიძე

ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. არასოდეს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი – ჩემს მშობლიურ სახლს, ჩემს ოჯახს დავტოვებდი და ქვეყნიდან წავიდოდი.  ყველაზე საშინელი ისაა, რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა ჩემმა სურვილმა, პოლიტიკაში ჩართვით სარგებელი მომეტანა ჩემი მუნიციპალიტეტისთვის. 

ვცხოვრობდი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქარელში, რომელზეც დღე არ გავა, არ დავფიქრდე. მიუხედავად იმისა, რომ იქაურობა ევროპის ქვეყანას არ ჰგავს, მაინც უზომოდ მენატრება და შეუძლებელია, რომელიმე სხვა ქალაქი მასზე მეტად შევიყვარო. 

ამ სიყვარულმა დამაფიქრა პოლიტიკაზეც. 

2009 წლიდან აქტიურად ჩავები პოლიტიკურ პროცესებში. გავხდი სოციალურად დაუცველებისა და იპოთეკით დაზარალებულთა უფლებადამცველი. აქტიურად ვმონაწილეობდი და ვიყავი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი. 

სწორედ ასეთი, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს შეუძლოდ გავხდი. ექიმებმა მალევე მითხრეს, რომ თავის ტვინის სიმსივნე მქონდა. ამის გამო აქტიურ საპროტესტო აქციებს გამოვეთიშე, თუმცაღა, 2016 წლის ბოლოს, საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც 250 ადამიანი შედიოდა, მხარი დამიჭირა, რომ კენჭი მეყარა ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატად.

მაშინ კარგად ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყო ჩემი მშობლიური ქალაქი –  უსამართლობა, უიმედობა და სრული ნიჰილიზმი იყო გარშემო. 

მივხვდი, რომ მინდოდა რაღაც შემეცვალა. ამიტომ შევიმუშავე ჩემი საარჩევნო პროგრამა და ფინანსური კუთხით არცთუ სახარბიელო მდგომარეობის მიუხედავად, მაინც შევძელი და ამომრჩევლის ნდობა და სიყვარული მოვიპოვე, 

დღემდე მჯერა, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, სხვა შედეგი დადგებოდა. 

ალბათ მკითხავთ, რატომ არ ვიბრძოლე ჩემი ხმების დასაბრუნებლად? 

საარჩევნო კამპანიაში ჩართვის პირველი დღიდან, ჩემზე დაიწყო პოლიტიკური დევნა. ფარულ ზარებთან ერთად, სუს-ის წარმომადგენლები უშუალოდ მხვდებოდნენ და “მირჩევდნენ”, რომ ბრძოლაზე არც კი მეფიქრა. მემუქრებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით და ოჯახის წევრების ლიკვიდაციით. მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დისკრედიტაციისთვის დაგეგმავდნენ კამპანიას და ხალხს დაარწმუნებდნენ, რომ ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ვიყავი. 

საკუთარ ახლობლებზე ზრუნვამ და სურვილმა, რომ ისინი დამეცვა ყველა მოსალოდნელი უსიამოვნებისგან, დამაფიქრა ქვეყნის დატოვებაზე. 

და დიახ, მე დავტოვე საქართველო, რადგან იძულებული გამხადეს. წავედი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი.

იცით, საქართველოდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, თუმცა დამიჯერეთ, უცხო ქვეყანაში ცხოვრების თავიდან, ნულიდან დაწყება ძალიან რთულია. ამ დრომდე მიწევს ყოველდღიური ბრძოლა იმისათვის, რომ თავი დავიმკვიდრო. 

გავიარე სხვადასხვა კურსები, რათა ამემაღლებინა კვალიფიკაცია და დღეს ვთვლი, რომ ერთ-ერთი  წარმატებული ქართველი ემიგრანტი  ვარ. ვმუშაობ ერთ-ერთ კლინიკაში ექიმის დამხმარედ.  მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, მივაღწიო იმას, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი – შემეძლოს ადამიანების დახმარება. 

მგონია, რომ ყოველდღიურად ვუახლოვდები ჩემს მიzანს – არაერთი ჯილდო მივიღე კოვიდთან ბრძოლაში, როგორც კლინიკის ხელმძღვანელობისგან, ისე ხალხისგან. 

დამცირება, უპატივცემულობა, რაც მე ჩემს ქვეყანაში გამომატარეს, არასოდეს დამავიწყდება. სულ მემახსოვრება, მაგრამ ადამიანმა არც ერთ მტკივნეულ გამოცდილებას არ უნდა მისცე უფლება, რომ წინსვლაში და განვითარებაში ხელი შეგიშალოს. 

დატოვეთ კომენტარი