ბლოგები

საკუთარი თავის ძიებაში დაწყებული ბიზნესი

ავტორი: ბადრი ციქუბაძე

სულ მესმოდა, ერთი საქმე უნდა ისწავლო, გახდე პროფესიონალი და მთელი ცხოვრება ის საქმე აკეთოო. მე კი ერთთავად მიჩნდებოდა კითხვა, – საიდან გავიგო, რა არის ჩემი ცხოვრების  მისია და საკეთებელი, თუკი ამ საქმეში თავი არ გამოვცადე-თქო.

ძალიან მოკლედ, რომ ვთქვა:

ჟურნალისტიკით დავიწყე, ვიყავი არასამთავრობო სექტორში. მოგვიანებით ჩემი ორგანიზაცია დავაფუძნე ,,მომავლის ინიციატივა“  და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ეკოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელე. შემდგომ დადგა საჯარო სამსახურში მუშაობის დროც. აქაც, იურისტად და შემდგომ საფინანსო სამსახურში ვიმუშავე. მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბიუროკრატიის და ტლანქი მექანიზმის გამო ჩემი იდეების, თუნდაც შეხედულებების გამოთქმისთვის და განხორციელებისთვის თავისუფალი სივრცე არ რჩებოდა. ჟურნალისტიკა, წერა ყოველთვის იყო საინტერესო მიმართულება. ამიტომაც, მუნიციპალიტეტიდან წამოსვლიდან მალევე დავაფუძნე ინტერნეტგამომცემლობა ,,იბერიანიუსი“ აქ დღემდე ვწერ სოფლის მეურნეობის სიახლეების შესახებ.

მთავარი კი 5 წლის წინ დაიწყო:

5 წლის წინ კი დავიწყე ბიომეურნეობა, და ჯანსაღი კვებისთვის საჭირო პროდუქტის მოყვანა. ნამეტს ვყიდდი. თავის სარჩენად არ იყო საკმარისი წერა და ბაღში მუშაობა. არც თუ ისე ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საქმე – გამომგონებლობა – შემოსავლის წყაროდ მექცია.

ჩემივე დამზადებული პრიმიტიული იარაღებით მცირე დანაზოგით და ნათესავებისგან ნასესხი თანხით, დავიწყე ჩემი დაპროექტებული ჩირის აპარატების წარმოება. შემდეგ დავამატე ჩირის გასაგრილებელი მაგიდები, ბოლოს კურკის ავრომატურად საძრობი ჩავუშვი წარმოებაში. ამ ეტაპზე 7 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებ. წინ უამრავი იდეაა განსახორციელებელი.

ENLILI – ფირმა, რომელსაც ყოველდღიურად ვავითარებ

ჩემი გუნდი უკვე 5 დასაქმებულისგან შედგება. მეორე წელი სრულდება წარმოების დაწყებიდან და ფირმა ,,ENLILI“-ს პროდუქცია ყველაზე მოთხოვნადი გახდა ქართულ ბაზარზე და იმპორტირებულ ანალოგებს ღირსეული კონკურენცია გაუწია.

მომავალი წლის თებერვალში დაგეგმილი გვაქვს საცდელი პარტიის შეტანა ერთერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები პირობებზე. მაქვს გაფართოების გეგმა და ამ იდეის ხორცშესხმით ვარ გატაცებული.

საქმეში უამრავ დაბრკოლებას ვაწყდები და მათი გადალახვის პროცესი ენით აღუწერელ ადრენალინს მაძლევს. ცხოვრებას და მასში არსებულ მოცემულობებს, რომელთა გადაწყვეტაცაა საჭირო, ვუყურებ, როგორც თამაშს, ეს ბევრად საინტერესოს და სახალისოს ხდის პროცესს.

გავაცნობიერე, რომ სევდა და სისულელე სინონიმებია.

ამბობენ 25 წლის შემდეგ არ ღირს ბიზნესისთვის ხელის მოკიდებაო. მოდი საქმეში გამოვცადოთ ეს შეგონება –  მართლა მუშაობს, თუ ერთგვარი მითია, რომელიც წარმატების გზაზე მდგარ ადამიანებს ფეხებში ებლანდება.

თუ დავსვავთ კითხვას  რაში მადგება წარსული გამოცდილებები- ჟურნალისტიკა დამეხმარა ადამიანებთან თავისუფალ კომუნიკაციაში, პროექტის წერისას აზრის სწორად ჩამოყალიბებაში. მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობომ მომცა ნაცნობობა და წვდომა მნიშვნელოვან ადამიანებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით და არამარტო, რაც ბევრად მიადვილებს საქმეს.

ბიომეურნეობა მეხმარება შევივსო ბაზარზე არსებული დეფიციტი ბიოპროდუქტებზედა ჩემი, ნახევრადვეგანური ცხოვრება უზრუნველვყო. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი ჯაჭვივით მიეწყო. ვერიდები ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობას. ვმეგობრობ ჩემზე განვითარებულ ადამიანებთან. გავაცნობიერე, რომ სევდა და სისულელე სინონიმებია.

ყველას გირჩევდით, გახსოვდეთ, რომ …

ერთი, რაც აუცილებელია ნებისმიერ საქმეში, ესაა მოიპოვო თვითრწმენა და თვითაღიარება. როდესაც ახალ საქმეს იწყებ მყისიერად ვერ მიიღებ აღიარებას გარემოცვისგან, საზოგადოებისგან და ამ დროს მნიშვნელოვანია საკუთარ თავში იპოვო საყრდენი.

საქმეში აუცილებელია ზომიერი ამბიციურობა და თვითგამოხატვა. ასევე ურთიერთობებში საზღვრების დაცვა. კარგა ხანი თავს გამომგონებელს არ ვუწოდებდი, რადგან ეს ამპარტავნებად მიმაჩნდა. მანამ, სანამ განმარტებაში არ წავიკითხე, რომ ,,გამოგონება არის რაიმე ახლის შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება“. მე კი ორივეს ვაკეთებ.

ყოველ დღე ვვარჯოშობ იოგას ან ვმედიტირებ, რაც განაპირობებს კიდეც ჩემი ცხოვრების მაღალ ხარისხს. 35 წლის ვარ და მგონია, რომ საინტერესო ცხოვრება და აღმოჩენები წინ მაქვს.

დატოვეთ კომენტარი