გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიის ეზოში, თორნიკე ხიბლიშვილი სააღდგომო პასქებს უფასოდ დაარიგებს.
თორნიკემ ქველმოქმედების შესახებ, ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც თავად ამბობს დაუკავშირდნენ ოჯახეები და მათ ადგილზე მიუტანა პასკა.
“სააღდგომოდ ვეხმარები გაჭირვებულ ოჯახებს, ვარიგებ პასქებს. სოციალურ ქსელში დავწერე, რომ შემეძლო სადღესასწაულოდ პასქები მიმეტანა ოჯახებში, თვითონ დამიკავშირდნენ და მეც მივუტანე. რაც დამრჩა ამას ხიდისთავის ეკლესიის ეზოში დავარიგებ. იქ ვიდგები და ვისაც ენდომება გავატან“, – ამბობს თორნიკე.
თორნიკე რამდენიმე თვეა საკუთარი ინიციატივით ეხმარება შეჭირვებულ ოჯახებს. ყიდულობს პროდუქტს და მიაქვს მათთან.
“ქველმოქმედებას რამოდენიმე თვეა ვეწევი, ახალ წლებზე ჩემი უმცროსი ბიჭი ცუდად იყო, ისე მოხდა, რომ ჩვენ საავადმყოფოში მოგვიწია ამ დღეების გატარება. ჩემს შვილს ვუთხარი, თუ ჩვენ არ გვაქვს საახალწლო სუფრა მოდი სხვები მაინც გავახაროთ მეთქი. მაშინ ორ ოჯახს დავეხმარე. არანაირი ფონდი არ მაქვს, ჩემი ინიციატივაა. გავაგრძელებ შეჭირვებული ოჯახების დახმარებას, რისი საშუალებაც მექნება მზად ვარ“, – თქვა თორნიკემ.
თორნიკე ხიბლიშვილმა სააღდგომო პასქები უკვე დაარიგა გორსა და ატენში.