ახალი ამბები

იყო თუ არა საეჭვო გადარიცხვები ტრანსპორტის სააგენტოშიც – უწყება კომენტარს არ აკეთებს

ა(ა)იპ გორის კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ფინანსისტი პარალელურად, ტრანსპორტის სააგენტოშიც მუშაობდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გეგმიური შემოწმებისას კულტურის სააგენტოში საეჭვო ფინანსური ტრანზაქციები აღმოაჩინა და ფაქტის შესახებ, ანტიკორუფციულ სააგენტოს აცნობა. არსებული ინფორმაციით, სააგენტოს თანხა აზარტული თამაშების ანგარიშებზეა გადარიცხული.

აღნიშნულ ფაქტზე დაიკითხა სააგენტოს ბუღალტერი. დაკითხვის შემდეგ მან ორივე სააგენტოს, სადაც დასაქმებული იყო, სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება ელექტრონულად გაუგზავნა. აღმოჩნდა თუ არა საეჭვო გადარიცხვები კულტურის სააგენტოს მსგავსად ტრანსპორტის სააგენტოში უცნობია, რადგან უწყება აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

“დიახ, ლ.წ ნამდვილად მუშაობდა ჩვენთან. 12 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე ოფიციალურად გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ”, – განმარტა ტრანსპორტის სააგენტომ.

როგორც ცნობილია, ხაზინის ელექტრონულ სისტემაზე წვდომა, საიდანაც გადარიცხვები ხდება ტრანსპორტის სააგენტომ დაუყოვნებლივ შეუზღუდა ყოფილ თანამშრომელს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.