ახალი ამბები

შემდეგი წელი ერისთავის თეატრის წელი იქნება – რა გეგმები აქვს ახალ სამხატვრო ხელმძღვანელს

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მუშაობას უკვე შეუდგა. ნიკოლოზ ჰაინე შველიძემ სამომავლო გეგმებზე და სიახლეებზე რადიო “მოზაიკასთან” ისაუბრა.


ნიკოლონ შველიძის თქმით, გორელი მაყურებელი ბევრ სიახლეს უნდა ელოდოს.

“უკვე გავიცანი თეატრის დასი, ძალიან მეგობრული გარემოა. რეპეტიციები ჯერ არ დამიწყია, უახლოეს მომავალში ვაპირებ. დაიდგმება სპექტაკლები ჩემი ავტორობით, ბევრ სიახლეს და აქტივობას ვგეგმავ სამომავლოდ”.

სამომავლო გეგმებში შედის გასტროლები და ასევე მზადება საიუბილეო თარიღისთვის

“შემდეგი წელი გვინდა ერისთავის წელი იყოს, რადგან საიუბილეო თარიღი მოდის. მინდა მაყურებელთან ახალი ურთიერთობა დავიწყოთ, ჩვენ გვჭირდება მათი სიყვარული და ვეცდები ეს გავაღრმავო, თუმცა ვიცი, რომ გორელი მაყურებელი ძალიან კარგია”.

შველიძე ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელებთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავს.

“ჩვენ ყველასთვის გახსნილები ვართ. მე მეგობრული და კოლეგიალური ურთიერთობა მექნება დავით ჩხარტიშვილთან, ასევე არ გამოვრიცხავ სოსო ნემსაზესთან ურთიერთობას.”

გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ნიკოლოზ შველიძე ერთი კვირის წინ დაინიშნა. სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევად, კონკურსი ორჯერ იყო გამოცხადებული. პირველად კონკურსი 2021 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა, რომელიც 2022 წლის 24 იანვარს ჩაიშალა და განმეორებით 2022 წლის 25 იანვარს გამოცხადდა. კონკურსის გამოცხადებმადე, აღნიშნულ პოზიციას დავით ჩხარტიშვილი იკავებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.