“15 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმი თუ არ გაათავისუფლებს მამუკა ჩხიკვაძეს, საპროტესტო აქციებს დავიწყებთ”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” უკანონოდ დაკავებული, ცხინვალის ციხეში მყოფ მამუკა ჩხიკვაძის მეგობარმა.
გიორგი კასრაძე ამბობს, რომ ჩხიკვაძის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლო უკანონოდ დაკავებულ ჩხიკვაძეს გაათავისუფლებს.
“15 თებერვალს აქვს სასამართლო და ველოდებით. თუ არ გაათავისუფლებენ, გვექნება აქციები სხვადასხვა სახის. ოჯახს პირდებიან რამდენი ხანია, რომ გაათავისუფლებენ. ველოდებით და ვნახოთ, რა იქნება”, – ამბობს კასრაძე.
მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა ნიქოზის მიმდებარედ 2021 წლის 10 დეკემბერს უკანონოდ დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 12 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
მისი დაკავებიდან მალევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის ციხეში ჩხიკვაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, თუმცა დე ფაქტო რეჟიმმა აღნიშნული კატეგორიულა უარყო.
მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ ანტისაოკუპაციო მოძრაობაში “ძალა ერთობაშია”. დავით ქაცარავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ბრალი დაუმძიმა, მისი გათავისუფლების იმედი არც ისე დიდია.
” 4,5 გრამი მარიხუანა “აღმოუჩინეს”, რა თქმა უნდა ჩაუდეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რომ მისთვის ბრალი დაემძიმებინათ. ეს ნიშნავს, იმას რომ რუსული კანონმდებლობით 2 -დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამწუხაროდ მოლოდინი, რომ ახლა გაათავისუფლებენ არ გვაქვს”, – გვითხრა დავით ქაცარავამ.
მამუკა ჩხიკვაძის ოჯახის წევრები ამ დრომდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა როგორც ცნობილია, მათ საქართველოს ხელისუფლებისგან დაპირება მიიღეს, რომ ჩხიკვაძე სახლში უვნებელი დაბრუნდება, თუმცა როდის ეს ჯერ კიდევ უცნობია.