სტატიები

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 1 წლის წინ ამუშავდა – რა (ვერ) მივიღეთ

2021 წელის 8 თებერვალს გორში პირველად ამუშავდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ქალაქში თავდაპირველად 25 -მა ლურჯმა ავტობუსმა დაიწყო მოძრაობა, მოგვიანებით 5 დაემატა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებიდან 2 თვის განმავლობაში მგზავრობა უფასო იყო. მგზავრებს შეეძლოთ მთელი დღე ესარგებლათ ავტობუსით, საფასურის გადახდის გარეშე. 

ამაზე მოგვიანებით ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმაც იხუმრა, რომ ზოგიერთი მოქალაქე ავტობუსს სასეირნოდ იყენებდა. 

ლურჯი ავტობუსების გამოჩენამდე, შეიქმნა გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტო, რომლის დირექტორად ქალაქის ყოფილი მერი, ზურაბ ჯირკვლიშვილი დაინიშნა.

2020 წელს აღნიშნული სააგენტოს ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენდა, 2021 წელს 2 მლნ 320 ათასი ლარით დაფინანსდა, მიმდინარე წელს კი აღნიშნული ა(ა)იპ -ის ბიუჯეტი 3 მლნ 600 ათასი ლარია. 

რამდენიმე თვეში ქალაქში, მოსაცდელებზე დამონტაჟდა ავტობუსების განრიგისთვის ელექტრონული დაფები, რომლის განთავსებაც და პატრონობაც “თიბისი” ბანკმა იტვირთა. ამავე ბანკმა დაამზადა პლასტიკური ბარათებიც, რომლითაც მოქალაქეები მგზავრობის საფასურს იხდიან. ავტობუსებში განთავსდა გადახდის აპარატები. 

უფასოდ მგზავრობის შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა ზემოთ აღნიშნული სიახლეებს უარყოფითად შეხვდა. ნაწილი დღემდე ითხოვს, რომ ავტობუსებში ბარათების გარდა, ნაღდი ფულით გადახდაც შეიძლებოდეს.

გასული წლის ბოლოს გამოჩნდნენ ავტობუსებში კონტროლიორებიც, რომლებიც თავდაპირველად მოქალაქეებს მხოლოდ კოვიდრეგულაციების დაცვას სთხოვდნენ, თუმცა ახალი წლის დასაწყისიდან მათ მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოქალაქეების დაჯარიმება დაიწყეს. 

მგავრების ნაწილი ავტობუსების გამოჩენიდან ერთი წლის თავზე კვლავ უკმაყოფილოა განრიგითაც. ისინი ამბობენ, რომ სასურველი ნომრის ლოდინი საათობით უწევთ და იძულებულნი არიან დანიშნულების ადგილამდე დროულად მისასვლელად დამატებითი ხარჯი გასწიონ. 

ინფორმაციისთვის, 30 ავტობუსის შესაძენად, გორის მერიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან 3,292,633 ევროს ოდენობის სესხი  10 წლის ვადით აიღო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.