სტატიები

მოსახლეობა – ბნავისში მღვრიე წყალია, მერია – წყალი არის სუფთა და ვარგისი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვა 2020 წლიდან დაიწყო.ეკონომიკური განვითარების ფონდის და მერიის ერთობლივი დაფინანსებით, კომპანიამ სამუშაოები ჩაატარა, თუმცა ბნავისში მცხოვრები მოსახლეობა წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე დღემდე საუბრობს.

“ახალი წყალსადენი და გაზსადენი კი გაკეთდა 2021 წელს, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. წყალი მოედინება მღვრიე, ჭუჭყიანი, გაზი საერთოდ არ ჩართეს. იქნებ ვინმემ მიხედოს სოფელს” , – ამბობს ბნავისში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, სოფელში წყლის პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა.

“ისევ იგივე პრობლემებია სოფელში. წყალზე დახარჯული მილიონზე მეტი თანხა წყალმა წაიღო. ვიღაცის შეცდომის გამო ბიუჯეტის თანხა წყალმა წაიღო და თან ხალხის იმედიც მიაყოლა” , – ამბობენ მოქალაქეები.

ადგილობრივებისგან განსხვავებით, გორის მერიაში ამტკიცებენ, რომ ბნავისში წყალი არის სუფთა და ვარგისი. უწყება განმარტავს, რომ შესაბამისმა სამსახურმა ბნავისის წყალი გასულ კვირასაც შეამოწმა.

“ბნავისში ამ დროისთვის წყალი არის სუფთა და ვარგისი. სინჯები შესაბამისმა სამსახურმა გასულ კვირასაც აიღო. ბნავისის სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით, მერიამ დამატებით მოაწყო სალექარი ღვარებში, საიდანაც მოდის წყალი და მარაგდება წედისი, ბნავისის, ოლოზი” , – აცხადებენ მერიაში.

მათივე ცნობით, დამატებით, ყველგან მოეწყო საქლორატოროები, რომლებიც უახლოეს დღეებში, ამინდის ცვლილებასთან ერთად, ექსპლუატაციაში შევა.

როგორც ცნობილია, წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ჯამში 2 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.