კარალეთში, 2008 წლის ომის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი და სკვერი მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
“სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული კარალეთელი ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, მის მშობლიურ სოფელში, მისივე სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის ცენტრში იგეგმება”, – ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალისა და სკვერის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, სამუშაოებისთვის 37 935 ლარია გათვალისწინებული.