გიორგი თანდიაშვილს ქსოვა დედამ ასწავლა. რამდენიმე თვის წინ ხელნაკეთი თოჯინებით დაინტერესდა და თოჯინების ქსოვა თავად დაიწყო. გიორგი გორის N7 საჯარო სკოლაში სწავლობს, 17 წლისაა და სკოლას წელს ამთავრებს. სწავლის პარალელურად, ცდილობს სხვადასხვა ხელსაქმე შეისწავლოს.
“თავდაპირველად, ეს გართობის საშუალება იყო და ვერ ვუყურებდი ისე, როგორც შემოსავლის წყაროს. შემდეგ, როცა უკვე პირველი სათამაშო გავიტანე გასაყიდად, მოწონება დაიმსახურა და მას შემდეგ, შევუდექი ამ სათამაშოების აქტიურად ქსოვას და გაყიდვას” , – ამბობს გიორგი.
ის, რომ ქსოვა ქალის საქმეა ფიქრობს, რომ სტერეოტიპული შეხედულებაა. ქსოვს ჩანთებს, შარფებს, ქუდებს. საქმე, რომელიც უყვარს, ახლა მისთვის შემოსავლის წყარო გახდა.
“თავდაპირველად, სტერეოტიპული იყო ნამდვილად, რომ ბიჭი ქსოვდა, იყო გარკვეული წამოძახილები, რატო ქსოვო, ეს ბიჭის საქმე არ არისო. შემდეგ უკვე, როცა ჩემი შემოსავალი დაინახეს, უკვე პირიქით, მოხიბლულები იყვნენ და მოსწონდათ ჩემი საქმიანობა მეგობრებს და ახლობლებს” , – იხსენებს გიორგი.
გიორგი რადიო “მოზაიკასთან” სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ სწავლას უმაღლეს სასწავლებელში აუცილებლად გააგრძელებს. მისი სურვილია უნივერსიტეტში შეისწავლოს არქიტექტურა, თუმცა ქსოვის მიტოვებასაც არ აპირებს. ამბობს, რომ აუცილებლად გახსნის პატარა სახელოსნოს, სადაც საშუალება ექნება სხვებსაც შეასწავლოს ხელსაქმე.