ადამიანები ისტორიები

ვინ იყო ტრიფონ გამსახურდია, რომელსაც გორის ცენტრში ძეგლი დაუდგეს

ფარმაცევტ ტრიფონ გამსახურდიას გორში, სტალინის გამზირი N13-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ცენტრალური აფთიაქის წინ ძეგლი დაუდგეს.

ტრიფონ გამსახურდია გორის აფთიაქში ფარმაცევტად 1924 წლიდან მუშაობდა. მის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ ვახტანგ ჭანკოტაძის წიგნში: “კაცი – ლეგენდა : ტრიფონ გამსახურდია”, რომელიც 2017 წელს გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის და ბისნესმენის იოსებ მაკრახიძის დაფინანსებით გამოიცა.

„მისი სიტყვებია: …ყოველდღიურად იზრუნე, რომ შენი გამოცდილება გადასცე სხვას…, “..ადამიანის მოვალეობაა ემსახუროს ხალხს…”, “…ნუ დაიშურებ სხვისთვის ცოდნის და ენერგიის დახარჯვას; პირადი საქმე გადადე და გაჭირვებულს დაეხმარე…” , “…იყავით თავმოყვარე და უანგარო…” , “…არავინ მოატყუო; ბოროტებას სიკეთით უპასუხე…~ და ა.შ” , – ვკითხულობთ ჭანკოტაძის წიგნში.

ტრიფონ გამსახურდია დაიბადა 1896 წლის 28 იანვარს (ძველი სტილით) სენაკის მაზრის სოფელ ნოსირში, პეტრე გამსახურდიასა და ფაშუ გაბუნიას ოჯახში. პეტრეც და ფაშუც ამავე მაზრის მკვიდრნი იყვნენ.

“გასული საუკუნის 20-იან წლებიდან მე-20 საუკუნის დასასრულამდე, მან თავისი რეცეპტურით და თავისივე ხელით დამზადებული სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებით ასობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და ათეულათასობით შეჭირვებულს მისცა შვება. ცნობილია ფაქტი, რომ ბატონმა ტრიფონმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, როცა თვითონ იყო უმძიმეს მდგომარეობაში (აგონიაში), მოიკრიბა უკანასკნელი ძალღონე და მასთან სახლში მისულ ავადმყოფ ქალბატონს გამოუწერა წამალი და პაციენტი იხსნა ტანჯვა-წამებისგან, თვითონ კი…”

ტრიფონ გამსახურდიამ დაწყებითი განათლება მიიღო ძველი სენაკის ქართულ ოთხკლასიან სკოლაში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისში.

“გორის ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ მუშაობის პერიოდში, ბატონი ტრიფონის თაოსნობით და უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო და აქტიურად ამუშავდა ქალაქის ტუბდისპანსერი, რომელიც აღიჭურვა, იმდროისთვის საუკეთესო, რენტგენის, ფიზიოთერაპიის კაბინეტებით და ბიოქიმიის ლაბორატორიით”

ტრიფონ გამსახურდიამ თითქმის 35 წელი იცხოვრა გორში, სტალინის გამზირზე N24 კორპუსში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.