ახალი ამბები

სასამართლომ გორის მერიას ოლეგ ხუბულურის სამსახურში აღდგენა დაავალა

გორის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ოლეგ ხუბულურის ადმინისტრაციული სარჩელი, ბათილად ცნო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება და დაავალა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ოლეგ ხუბულურის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე, გათავისუფლებიდან აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში.


ოლეგ ხუბულურის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს, მისი თქმით როგორც სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა გორის მერია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.


“​სასამართლო გადაწყვეტილება როდესაც შევა უკვე ძალაში მაშინ უნდა მოხდეს აღსრულება. სავარაუდოდ გაასაჩივრებენ სააპელაციოში და უზენაესამდე მივა. თუ მერია დაბრუნებას ფიქრობს უნდა დააბრუნოს,მაგრამ როგორც განაცხადა წარმომადგენელმა აპირებენ გასაჩივრებას და ეს დროში იქნება გაწელილი”, – ამბობს ლექსო მერებაშვილი

ოლეგ ხუბულური მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლება უკავშირდება გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდისადმი მხარდაჭერას და ფიქრობს, რომ მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. მან ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებით.


ოლეგ ხუბულურის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში დავა გაგრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მას შემდეგ, რაც მხარეს ჩაბარდება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

რადიო “მოზაიკა” აღნიშნულ საქმეზე გორის მერიის პოზიციითაც დაინტერესდა, უწყებაში განმარტეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.