ახალი ამბები

გორში, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ უკანონო იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი, მათ შორის გორში მცხოვრები 36 წლის ბ.ქ.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.

“ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები