ახალი ამბები

“მაქარაშვილების საგვარეულო ისტორია“ – მონოგრაფია ჟურულების და მაქარაშვილების შესახებ

პარტნიორული მასალა 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის ინიციატივითა და  გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს  მხარდაჭერით, არბოში მცხოვრები ჟურულებისა და მაქარაშვილების ოჯახის შესახებ დაწერილი მონოგრაფიის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. 

“ეს ადამიანები იყვნენ მივიწყებულნი, მათი ღვაწლის შესახებ არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, მათი გარდაცვალებიდან დაახლოებით 100 წელია გასული და გადავწყვიტე მემუშავა ამ ოჯახის არქივზე, მომეძიებინა ძალიან ბევრი მასალა და გამეცოცხლებინა ჟურულებისა და მაქარაშვილების ოჯახური მეხსიერება”, – ამბობს გორის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი სოსიაშვილი.

ნაშრომში დოკუმენტურ და ნარატიულ წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილია პატარა ლიახვის ხეობაში სიძველეებით გამორჩეული სოფლის, არბოს წარსული. მისი მდებარეობა, ეთნიკური სახე და პოლიტიკური ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები და საეკლესიო სიწმინდეები. 

მონოგრაფიაში მოცემულია არბოში მცხოვრები დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრის, გიორგი ჟურულის ოჯახის თავგადასავალი. ნაშრომის ნაწილი ეთმობა ჟურულებთან ჩასიძებული, არბოში მცხოვრები გენერლის ილია მაქარაშვილის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებას და მოღვაწეობას. 

გიორგი სოსიაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი

ვიმუშავე როგორც საოჯახო არქივზე, ასევე მრავალი მასალა აღმოჩნდა ხელოვნების სასახლეში, ასევე მოვიძიეთ მასალები საფრანგეთში, დავუკავშირდით მათ შთამომავლებს სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ ქალაქ პერუში. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორენოვანი მონოგრაფია, რომელიც დაახლოებით 600 გვერდზე მეტი იქნება.

სოსიაშვილის თქმით, გარდა ორენოვანი მონოგრაფიისა, ასევე იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის საინტერესო ინფორმაციას, იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. სამომავლოდ დაგეგმილია გამოფენის მოწყობაც არბოში. 

“დოკუმენტური ფილმიც და მონოგრაფიაც, თითქმის დასრულებულია. სავარაუდოდ ორ თვეში ორივე მათგანი მიეწოდება საზოგადოებას. მოეწყობა პრეზენტაცია და წარმოჩენილი იქნება, ყველა ის ძირითადი მომენტი, რომელიც ნიშანდობლივია ამ ორი ოჯახის ცხოვრებასთან დაკავშირებით. ასევე დაგეგმილია ფოტო-გამოფენის მოწყობა არბოში, იქ სადაც არსებობდა ჟურულებისა და მაქარაშვილების ფუძე, სამწუხაროდ ეს სახლი ახლა დანგრეულია და ფრაგმენტებია შემორჩენილი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მას დაუბრუნდება პირვანდელი სახე და ამისთვის ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს”, – ამბობს სოსიაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი