ახალი ამბები

“ჩამორეცხეთ ქალაქს სირცხვილი” – თამარ ნასყიდაშვილის ინიციატივა 

თამარ ნასყიდაშვილმა სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის გორში მოკლული უცხოელი ტურისტის  შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მომხდარი ქალაქის სირცხვილად ითვლება, რის გამოც საზოგადოებამ სხვადსხვა აქტივობებით უნდა სცადოს ამ ფაქტზე რეაგირება. 

“ერთ დროს არსებობდა ასეთი სახელწოდებით დაფუძნებული “გორის დარბაზი”.არ ვიცი,(მაპატიეთ არ ცოდნაზე) დღეს განაგრძობს თუ არა მოღვაწეობას. თუ განაგრძობს ,შემოჰკარით ზარები, მოიწვიეთ სრულიად ქალაქის გულშემატკივარი საზოგადოება, გახადეთ მსჯელობის საგნად უცხოელი კენედის ბარბაროსული მკვლელობა და რაიმე ფორმით ჩამორეცხეთ ქალაქს სირცხვილი. მიიღეთ პრევენციული ზომები-უამრავი მანკიერი მხარე წარმოჩინდება, რომ მომავალში სხვამ ვერ გაბედოს მსგავსის გაფიქრებაც კი!”, – წერს თამარ ნასყიდაშვილი. 

მას პოსტის კომენტარებში არაერთი თანამოაზრე გამოუჩნდა. მათი თქმით, ამ საკითხის განხილვა საზოგადოებაში აქტიურად უნდა დაიწყოს და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს გორელების სახელით წერილი გაეგზავნოს. 

“უნდა მოხდეს განხილვა, პოლიტიკური ქულების დაწერის გარეშე! ამ გამხილვაზე ყველა უნდა იყოს მოქალაქე და არა ჩინოვნიკი!. და რაც მთავარია, შედგეს წერილი და მოეწეროს ხელი , რომ ეს წერილი გაეგზავნოს ამ ბიჭის ოჯახს, რომ ვართ თანამოზიარე და ვგმობთ დანაშაულს!”. 

“დანაშაული ყოველთვის ხდება და ყველგან! არც გამონაკლისია გორი და არც დაზღვეული, მაგრამ ეს კონკრეტული ფაქტი, ვფიქრობ, ღია და სასტიკი განაცხადია მსოფლიო ინტეგრაციის წინაშე”, – წერენ მოქალაქეები. 

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტომაც. 

“გარდაცვლილი ტურისტის პატივსაცემი კონცერტის დაგეგმვა საკმარისი არ არის. რაც შეეხება”განგაშის ზარების შემოკვრას”, ინიციატივა, პირველ რიგში, სრულიად ქალაქის საზოგადოების,ხოლო შემდეგ,”გორის დარბაზის” და გორის მუნიციპალიტეტის “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს” განსახილველ საკითხთა რიგს განეკუთნება. ჩვენდა სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საუკუნეების განმავლობაში ქართველი ადამიანის გენში ასე ორგანულად შერწყმული სტუმრის პატივისცემის ხიბლი და ფენომენი” –  ამბობს ალექსი მარიამიძე. 

ინფორმაციისთვის, ბრიტანელ ტურისტს თავს ჯგუფურად დაესხნენ. გამოძიების ვერსიით, ის სცემეს, გაძარცვეს და შემდეგ მტკვარში გადააგდეს. მდინარემ ტომას კენედის ცხედარი 8 ოქტომბერს გამორიყა. შშს-მ დანაშაულისთვის 5 პირი დააკავა. 

დატოვეთ კომენტარი