ახალი ამბები

გორსა და ქარელში 198 დევნილს მიწები 1 ლარად დაუკანონდათ

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვით, 198 დევნილ პირს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 198 მიწის ნაკვეთი.

“აღნიშნული მიწის ნაკვეთები მდებარეობს გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და მათი ფაქტობრივი მფლობელები არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილი პირები. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით და 2012 წლიდან მოყოლებული, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო უკვე საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები” , – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად უკავშირდებოდა მიღებული გადაწყვიტილება არჩევნების მეორე ტურს, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ ეს მთავრობის ტრადიციული პოლიტიკის გაგრძელებაა და ის არ უკავშირდება არჩევნებს.

“ეს ტრადიციული შეკითხვაა, მაგრამ, ვინც გადახედავს ისტორიას და სტატისტიკას, რამდენჯერ გამოვიტანეთ დევნილთა საკითხი და დადებითად გადავწყვიტეთ, ნახავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა წინასაარჩევნოდ – ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციულ პოლიტიკას”. – ამბობს ნათია თურნავა.

დატოვეთ კომენტარი