ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიად რჩება. მედიის წარმომადგენლებს ხშირად ცხელ წერტილებში უწევთ მუშაობა და შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხეც კი დაემუქროს. გორელი ჟურნალისტების მშობლები საუბრობენ იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც მათი და მათი შვილების ყოველდღიურობის ნაწილია.
როგორია ჟურნალისტის მშობლობა?
მამუკა სადაღაშვილს სურდა, რომ მის შვილს სხვა პროფესია აერჩია, თუმცა გადაწყვეტილებას პატივი სცა და დღესდღეობით, შოთა სადაღაშვილი TV მონიტორინგის რეპორტიორია. შოთას მამა ამბობს, რომ განცდების და ნერვიულობის მიუხედავად, ამაყობს, რომ მისი შვილი ჟურნალისტია.
„ადრე ჟურნალისტის პროფესია ასეთი რთული და საფრთხისშემცველი არ იყო, როგორც ახლა. ახლა უფრო დაძაბული ვარ, რადგან ის წარმოადგენს ისეთ მედიასაშუალებას და აშუქებს ისეთ ამბებს, რომელიც შეიძლება ვიღაცებს არ მოსწონდეთ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ბოლო მოვლენებმა დაგვანახა, რომ თავისუფალი მედია დაუცველია. მიუხედავად იმ განცდებისა, რაც მე როგორც მშობელს მაქვს მეამყება, რომ ჩემი შვილი ამ საქმეს ემსახურება, თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებსაც ჩინოვნიკების საქმეები სააშკარაოზე გამოგაქვთ. თქვენ უნდა იყოთ ძლიერები და ღირსეულად უნდა ემსახუროთ ჟურნალისტიკას“, – ამბობს მამუკა სადაღაშვილი.
მედიასაქმიანობაში მაია ნარიკაშვილის 2 შვილია ჩართული. გიორგი ახალკაცი “მთავარი არხის” რეპორტიორია, მისი ძმა გოგა კი, ამავე ტელევიზიის ოპერატორი. მაია ამბობს, რომ დიდი განცდა დაეუფლა, როცა მისმა შვილებმა ჟურნალისტის და ოპერატორის პროფესიები აირჩიეს.
“მედია ამ ქვეყანაში ძალიან დაუცველია. ყოველთვის დიდი ემოციებით ველოდები, შინ როდის დაბრუნდებიან და რა მოჰყვება მათ გასვლას. მიუხედავად ამისა, მე მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი შვილი ამ პროფესიაში დიდ ენერგიას დებს; ვხედავ, როგორ უყვარს თავისი პროფესია. დედა ვარ და ძალიან ვდარდობ ხოლმე. მინდა, რომ ხშირად დავუკავშირდე, მაგრამ ყოველთვის ვერ ვურეკავ, რადგან ძალიან დაკავებულია, ხშირად აქვს პირდაპირი ჩართვები საინფორმაციო გამოშვებებში”, – ამბობს მაია ნარიკაშვილი.
მისივე თქმით, არ ნანობს თავისი შვილების არჩევანს და სხვა ჟურნალისტების დედებს ეუბნება, რომ იყვნენ ძლიერები და თანაუგრძნონ თავიანთ შვილებს.
მარინა ბიჩენოვის შვილმა, მაკა კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ამჟამად TV მონიტორინგის ჟურნალისტია, აღნიშნული პროფესია გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ აირჩია. მარინა ამბობს, რომ შვილის გადაწყვეტილებას მხარი თავიდანვე დაუჭირა, თუმცა გულის სიღრმეში ეშინოდა.
„შიშის მიუხედავად, ვამაყობ იმით, რასაც აკეთებს და მიხარია, რომ იმ გზაზე დგას, რომელიც 15 წლის ასაკში აირჩია. ალბათ, ყველა დედა იაზრებს რამხელა რისკია, მით უფრო, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ჟურნალისტისთვის იმ გარემოში მუშაობა, რაც საქართველოშია. განვიცდი, მეშინია და ყოველ წუთს, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ გავეცნო ახალ ამბებს. სულ მეფიქრება, რას აკეთებს, სადაა. ვცდილობ, კავშირი გვქონდეს მთელი დღის განმავლობაში. რთულია, მაგრამ უნდა გავუძლოთ. ეს მისი არჩევანია და როგორც უკვე ვთქვი, ვამაყობ ამ არჩევანით“, – ამბობს მაია ბიჩენოვი.
,„ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა ამბის გასაშუქებლადაა ის წასული, ყოველთვის ვნერვიულობ“ , – ამბობს გულო ხარიბეგაშვილი, რომლის შვილი, ნინო ფისაძე წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტია.
გულო ხარიბეგაშვილისთვის, როგორც ჟურნალისტის დედისთვის, ყველაზე რთული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო.
„ომის პერიოდში, სულ ტელევიზორს ვუყურებდი, რომ გამეგო, როგორაა. ეს ძალიან სტრესული იყო. მახსოვს, სკრასთან ჩამოაგდეს ბომბი, ვურეკავდი, ტელეფონზე არ მპასუხობდა. მამამისმა მის თანამშრომელს დაურეკა. მან უთხრა, რომ გადასული იყო მანქანიდან და ჩართვისთვის ემზადებოდა. ტელევიზორში დავინახე, იდგა ალმოდებული, ნავთობით დატვირთული ვაგონის წინ, რომელსაც დაეცა ჭურვი. უყურებ და არ იცი, რა მოხდება. ის წამები ძალიან რთულია. ასეთი ბევრი ამბის გახსენება შემიძლია“, – ამბობს ის.
მისი თქმით, ჟურნალისტის დედობას თან ახლავს ყოველდღიური განცები და ნერვიულობა.
„ის გზაშია, ის ხანძარზეა, ის აქციაზე დგას მთელი დღე ქუჩაში, ის საოკუპაციო ხაზთანაა, ის სადღაც დამეწყრილ ადგილასაა. მოკლედ, ჟურნალისტის დედა როცა ხარ, ეს ნერვიულობა უკვე შენი ყოველდღიური ამბავია. ეს ნინომ იცის, მაგრამ როგორც მე ვერ წარმოვიდგენდი მისი პროფესიის სირთულეებს და ალბათ ბევრი რამ კიდე არ ვიცი, ისე ის ვერ წარმოიდგენს, როგორი რთულია ეს დედისთვის. ჩემი მხარდაჭერა და დიდი სიყვარული ჩემი შვილის ყველა კოლეგას“.