სტატიები

ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა ჩართულობა არჩევნებში – ჟურნალისტური გამოძიება

ხელისუფლება საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს – არჩევნების შეფასებისას ეს ერთ-ერთი ხშირად გაკეთებული დასკვნაა. საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა ადამიანებისთვის დამატებითი შემოსავლის მიღებასთან ერთად, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმების, სამსახურის შენარჩუნების ან/და დაწინაურების გარანტიაა. რა ხდება ამ კუთხით გორის მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში? რა ფორმით ვხვდებით მათ თანამშრომლებს საარჩევნო პროცესებში და რა ზიანის მომტანია ეს პრაქტიკა მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის?

რაც 2020 წლის არჩევნებზე ვნახეთ


ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ აგრესიულ პოლიტიკურ აქტივობებში “ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.


ა(ა)იპ-ის თანამშრომლები იღებდნენ შვებულებებს, რათა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ან ოპოზიციური პარტიების საზიანოდ ეაქტიურათ. ერთ-ერთი ასეთი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი ფარნა მახოხაშვილი და მისი აქტივობებია.


მახოხაშვილმა მედიასაშუალებების ყურადღება ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციებში აქტიურობის შემდეგ მიიქცია. იგი მონაწილეობდა თბილისში, ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციაში, როგორც „გაბრაზებული“ მოქალაქე, ასევე „მთავარ არხთან“ გამართულ საპროტესტო აქციაში, მანამდე კი, რუსთავი 2-თან. მახოხაშვილი აქტიურობდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესაც. ჩნდებოდა ყველა იმ უბანთან, სადაც დაპირისპირების რისკი ჩნდებოდა.


იგი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში მუშაობს, როდიდან, ზუსტად არ ახსოვს.


„როდის დავიწყე მუშაობა ნაღდად არ მახსოვს. დინამიკების აწყობაში ვეხმარებოდი, მერე კი, შრომის უსაფრთხოების დიპლომი ავიღე. წინა წელს, როცა სავალდებულო გახდა, ყველა იმ სამსახურში, სადაც 100 კაცზე მეტი მუშაობს, შრომის ინსპექტორი რომ უნდა იყოს, ამის შემდეგ გადმოვედი ამ პოზიციაზე“, – ამბობს ფარნა მახოხაშვილი.


დიპლომი, რომელზეც ის საუბრობს სერტიფიკატია, რომელიც მისი თქმით, თბილისის ერთ-ერთ ბიზნეს-სკოლაში აიღო. როგორც თავად ამბობს, უმაღლესი განათლება არ აქვს.


„შეჩერებული მაქვს უნივერსიტეტი ამ ეტაპზე. მე რომ სერტიფიკატი მაქვს, ეგეთი გორში სამი ოთხ კაცს არ ექნება“, – ამბობს ის.


კითხვაზე, როგორ უთავსებს აქტივიზმს და სამსახურს ერთმანეთს, პასუხობს, რომ აქციებზე ჩნდება მაშინ, როცა სცალია.


„როცა შვებულება მაქვს, მაშინ გავდივარ, იმიტომ, რომ არ მომწონს ეგ ხალხი [გულისხმობს ოპოზიციას], საქართველოს მტრები არიან“, – აცხადებს მახოხაშვილი.


მახოხაშვილი პარტიული აქტიურობის და მისი ხელფასის გასამმაგების კავშირს უარყოფს.


„რა შუაშია, „ქართული ოცნება“, თავიდან რომ დავიწყე მუშაობა ტექნიკის აწყობაში ვეხმარებოდი და 230 ლარი მქონდა ხელფასი, ოცნებიდან რომ დავსაქმებულიყავი, ამდენი ხომ არ მექნებოდა?“, – გვეკითხება ფარნა


აღსანიშნავია, რომ მახოხაშვილის გააქტიურება და მისი სამსახურში დაწინაურება დროში ერთმანეთს ემთხვევა. ამჟამად, მისი თანამდებობრივი სარგო 600 ლარს შეადგენს. მის სამსახურებრივ ფუნქციებს შორის, კი მისივე თქმით, არის უსაფრთხოების დაცვა, იმისთვის, რომ „ცეცხლი არ გაჩნდეს“.

ვოვა ჯანეზაშვილი, მახოხაშვილის მსგავსად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამავდროულად, ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომელია. იგი ფარნასთან ერთად ჩნდებოდა ხან მთავარი არხის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ხან ეკა კვესიტაძის სახლთან გამართულ აქციაზე.


ჯანეზაშვილი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში კრივის მწვრთნელად მუშაობს.


„2007 წლიდან ვიყავი მწრთვნელი, მერე ნაციონალებმა გამომიშვეს 2012-ში, იმის გამო, რომ ოცნების მხარდამჭერი ვიყავი“, – განმარტავს ის.


როგორც ჯანეზაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მან სამსახურში „თავი აღიდგინა“.


როგორ უთავსებს პარტიულ საქმიანობას და სამსახურს ერთმანეთს, ჯანეზაშვილი არ პასუხობს, ღიზიანდება და ტელეფონს თიშავს.


ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს.


გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლები აქტიურად ესწრებოდნენ “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებს. ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც საარჩევნო შეხვედრებს აქტიურად ესწრებოდა არის უჩა მშვიდობაძე, რომელიც დასაქმებულია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.


გელა კაპანაძე არ უარყოფს, რომ სააგენტოში თავისივე რეკომენდაციით დაასაქმა მშვიდობაძე, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებში ჯერ კიდევ, 2016 წლიდან იყო ჩართული. კაპანაძე აცხადებს, რომ მშვიდობაძის დიპლომი არაფერში სჭირდება, რადგან „ერთგული თანამშრომელია“.


„დიახ, ჩემი რეკომენდაციით დასაქმდა უჩა მშვიდობაძე კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში. მართალია უმაღლესი განათლება არ აქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია. ა(ა)იპ-ში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს არ მოეთხოვება ჰქონდეს დიპლომი“, – აცხადებს გელა კაპანაძე რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას.

რადიო „მოზაიკას“ მიერ მოძიებულ ფოტოებზე ა(ა)იპ-ების არაერთი თანამშრომელი ჩანს:

  • დავით დარბაიძე, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე;
  • მარიამ მელაძე, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი;
  • მამუკა (სკიპი) ნადირაძე, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი;
  • ხატია კვიტატიანი, ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბი „გორის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი;
  • რობერტ მაღლაკელიძე, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი


რადიო „მოზაიკამ“ ასევე მოიძია ფოტოები ა(ა)იპ-ის იმ თანამშრომლების, რომლებიც წინა წლებში მმართველი ძალია წინასაარჩევნო შეხვედრებე გხვდებოდნენ, მოგვიანებით კი ა(ა)იპ-ის თანამშრომლები გახდნენ.

  • სოსო ვანიშვილი – სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის მოადგილე;
  • ავთანდილ შოშიაშვილი – სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი;
  • ნათია ჭუჭყიანი – კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობის შემდეგ დასაქმდა;
  • ზურაბ ჯირკველიშვილი – ა(ა)იპ გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი;
  • ვოვა ჯანეზაშვილი – სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელილო
  • ლადო გვიმრაძე – ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი;
  • ხატია კვიტატიანი – ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბი „გორის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესებშიც

გარდა წინასაარჩევნო პერიოდისა, ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ჩართულები იყვნენ საარჩევნო პროცესში უშუალოდ კენჭისყრის დღეს. საუბნო კომისიის სიები, რომელიც რადიო „მოზაიკამ“ ცესკოსგან მიიღო, გორის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის არაერთ თანამშრომელს ვხვდებით. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, სხვადასხვა უბანზე კომისიის თავმდჯომარეები და წევრები სწორედ ა(ა)იპ-ის თანამშრომლები იყვნენ.


რადიო „მოზაიკამ“ ეს ინფორმაცია ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთანაც გადაამოწმა. მათთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ მაგალითად, სკოლამდელი აღზრის სააგენტოს თანამშრომელთა ნაწილი

  • არის „ქართული ოცნების“ წევრი,
  • წინააღმდეგია ხელისუფლების ცვლილების,
  • კომისიის წევრობის გარდა, ჩართული იყო სააგიტაციო კამპანიაში.
ფაქტი 1:

ფლავის საბავშვო ბაღის დირექტორი ნინო მიდელაშვილი საუბნო კომისიის წევრი, ხოლო მისი ერთი თანამშრომელი „ქართული ოცნების“ აგიტატორი იყო.


“ჩვეულებრივი კომისიის წევრი ვიყავი. აგიტაცია არ გამიწევია. ჩემი ბაღიდან ერთი იყო, რომელიც აგიტაციას ეწეოდა. სხვა თანამშრომლები ჩართულები არ ყოფილან”, – ამბობს მიდელაშვილი.


ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიაში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის სტატუსით იყო.


ამბობს, რომ ამის სურვილი თავად გამოთქვა, რადგან არ უნდა, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალები” დაბრუნდნენ.


“თავად მინდოდა საარჩევნო პროცესში ვყოფილიყავი. მე თვითონ მივედი ბატონ გიგისთან [გიორგი ხოჯევანიშვილი] და ვთხოვე. პარტიის წევრი ვარ, მაგრამ დავამთავრე პარტიული მუშაობა. თუ ისევ მთხოვენ, რომ მომდევნო არჩევნებში ჩავერთო, ჩავერთვები, რადგან არ მინდა “ნაციონალები” მოვიდინენ”, – გვითხრა ნინომ.

ფაქტი 2:

ქვეშის საბავშვო ბაღის დირექტორი მაია უკანწყაროელი საუბნო კომისიის თავმჯდომარე იყო. რადიო „მოზაიკას“ მან უთხრა, რომ მის გარდა საარჩევნო პროცესში საბავშვო ბაღის კიდევ 5 თანამშრომელი იყო ჩართული.

“ამ ადამიანებმა თავად გამოთქვეს სურვილი საარჩევნო პროცესში მიეღოთ მონაწილეობა”, – ამბობს ბაღის დირექტორი.


რადიო „მოზაიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული. გვითხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებზე, ის კომისიის თავმდჯომარე იყო.


„მე 2014 წლიდან ჩართული ვარ, თუმცა ჩემი თანამშრომლების პოლიტიკური განწყობებით არასოდეს დავინტერებულვარ”, – ამბობს მაია უკანწყაროელი.


ფაქტი 3:

საუბნო კომისიის თავმდჯომარე იყო ძევერის საბავშვო ბაღის დირექტორიც. მაკა კეჩხუაშვილი ამბობს, რომ ის „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდამჭერია. რადიო „მოზაიკას“ კეჩხუაშვილმა უთხრა, რომ საარჩევნო პროცესებში მისი ბაღის სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.


“სულ ვართ 14 თანამშრომელი. ჩვენს უბანზე 2 მათგანი იყო კომისიის წევრი, “ცესკოდან“ დანიშნულები. მათ გარდა, კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი იყო უბანზე, პარტიიდან წარმოდგენილი“, – ამბობს მაკა კეჩხუაშვილი.


ფაქტი 4:

ქვახვრელის ბაღის დირექტორიც საუბნო კომისიის თავმდჯომარე იყო. მარინე ფადიური ამბობს, რომ არჩევნებს მისი სხვა თანამშრომლებიც აკვირდებოდნენ.


“როგორც ვიცი მათი ნაწილი პარტიის წარდგენილები იყვნენ. თუმცა გამიჭირდება დაზუსტება რომელი პარტიიდან იყვნენ. სულ 18 თანამშრომელი ვართ და აქედან 2 – 3 ვიყავით ჩართულები”.


ფადიური ამბობს, რომ კომისიის თავმდჯომარე წინა წლებშიც ყოფილა. კერძოდ, როგორც ბაღის დირექტორი გვეუბნება, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყველა არჩევნებზე კომისიის თავმდჯომარეა.


გარდა ამ ადამიანებისა, საუბნო კომისიის წევრები იყვნენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც:

  • მარინე სურამელი, ა(ა)იპ-ის თანამშრომელი;
  • ნათია უთნელიშვილი, ბაღის აღმზრდელი ;
  • დოდო გრძელიშვილი, ბაღის დირექტორი;
  • ნათელა ქელეხსაევა, ბაღის დირექტორი;
  • დალი აკოლაშვილი, ბაღის დირექტორი;


კომიისი წევრები იყვნენ კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლებიც:

  • მაია ქოქაშვილი, მე -16 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი, წმინდა წყლის დასახლება, #4 საბავშო ბაღში გახსნილი უბანი;
  • მაია ახალკაცი, მე-20 საარჩვენო უბანზე კომისიის წევრი, #7 საჯარო სკოლაში გახსნილი უბანი;
  • მზია ბედოშვილი, მე-20 საარჩვენო უბანზე კომისიის წევრი, #7საჯარო სკოლაში გახსნილი უბანი;
  • ნინო გიგაური, 22-ე საარჩევნო უბანი, კომისიის წევრი, #10 საჯარო სკოლაში გახსნილი უბანი;
  • ნუგზარ კვიტეტიანი, 23 -ე საარჩევნო უბანი, კომისიის წევრი, #17 საბავშვო ბაღში გახსნილი საარჩევნო უბანი;
  • მარიკა ორჯონიკიძე, კომისიის თავმჯდომარე, 81- ე საარჩევნო უბანი.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლები კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ დავალებითაც იმყოფებოდნენ.


მასწავლებელი, რომელიც ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღში მუშაობს, გვიყვება, რომ არჩევნების წინ საბავშვო ბაღის დირექტორი დაუკავშირდა და არჩევნებზე წარმომადგენლად წასვლა დაავალა.


„მითხრა, რომ სავალდებულო იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად უბანზე დასწრება. იმის შიშით, რომ სამსახური არ დამეკარგა დავთანხმდი, თუმცა ანაზღაურებაზე არავის არაფერი უთქვამს. ჩემს უბანზე ყველას ვიცნობ და ამომრჩევლების აღწერას ვაკეთებდი. გვარებს ვინიშნავდი და ვკარნახობდი პარტიის წარმომადგენელს”.


აღმზრდელი ამბობს, რომ მისი ბაღიდან საარჩევნო უბანზე 8 თანამშრომელი იმყოფებოდა. არ იცის, ვინ რა ოდენობის ანაზღაურებას იღებდა ამისთვის, რადგან თავად მოხალისეობრივად ამუშავეს.


„მერე გავიგე, რომ წარმომადგენლებზე თანხას გასცემდნენ. ჩავედი გორში, პარტიის ოფისში მივედი. მინდოდა გამერკვია ეს ამბავი. იქ გადაამოწმეს ჩემი პირადი მონაცემები და 40 ლარი მომცეს, გამოგვრჩი ალბათო. რომ არ მომეთხოვა, ამ თანხასაც ვერ მივიღებდი“, – ამბობს ნანა.


მისგან განსხვავებით, ანალოგიური დავალების შესრულებაში შედარებით მეტი გადაუხადეს ქალაქის ერთ-ერთი ბაღის თანამშრომელს. ლალი ამბობს, რომ ბოლო წლებია წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნებიდან“ ტელეფონით უკავშირდებიან და წარმომადგენლად ჩასმას სთავაზობენ.


„2018 წლის არჩევნებზეც ვიყავი „ოცნების“ წარმომადგენლად უბანზე და 2020-შიც. არჩევნები რომ ახლოვდება, თვითონ მირეკავენ პარტიის ოფისიდან და მთავაზობენ. მეც არ ვეუბნები უარს, ეს 80 ლარიც რამეა ერთ დღეში ჩემთვის“, – გვეუბნება ლალი.

ა(ა)იპ-ების და მათ შორის ბაღის თანამშრომლების საარჩევნო პროცესში ჩართულობას ადასტურებს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სააარჩევნოდ, წარმომადგენელთა გადამზადების პროცესს ხელმძღვანელობდა.


“თითო უბანზე პარტიიდან 2 წარმომადგენელი გვყავდა, ყველა მათგანი „ოცნების“ მხარდამჭერია და მათი სურვილი იყო. ჩემი ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლები დამკვირვებლებად უფრო იყვნენ და ამ შემთხვევაში მათ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უშვებდა და არა – პარტია. უამრავია ორგანიზაციაა დარეგისტრირებული“, – აღნიშნა მარლენ ნადირაძემ.


რატომ ხდება ასე?


საკუთარი თანამშრომლების პარტიული აქტიურობის შესახებ თავად ა(ა)იპ-ის დირექტორებმაც იციან, თუმცა არც ერთი მათგანი ამ საკითხის რეგულირების საჭიროებას ვერ ხედავს.


მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს:


„მთავარია თანამშრომლებმა ტერაქტი არ მოახდინოს. დანარჩენი თუ კი მისაღები საქმე კეთდება, რატომ უნდა იყოს ჩემთვის მიუღებელი”.


ანალოგიური შინაარსის კომენტარს აკეთებს კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი. გელა კაპანაძე ამბობს:


„რომელიმე ჩემი თანამშრომელი, ვისაც აქვს კონკრეტულ დღეს კანონიერი შვებულება, აქვს სრული უფლება გააპროტესტოს რაც მისთვის მიუღებელია.“


არასამთავრობო სექტორი ამბობს, რომ ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, ბუნებრივია, რადგან მათი დირექტორებიც „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერები არიან და თანამდებობებზე პარტიული ნიშნით არიან დანიშნულები.


ა(ა)იპ-ის დირექტორების კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი, გელა კაპანაძე წლების განმავლობაში იკავებდა „ქართული ოცნების“ შტაბში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას.


კაპანაძე მანამდე გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის მოადგილე იყო. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის მოადგილე იყო. სწორედ აღნიშნულ პერიოდში დაჯარიმდა იგი სამუშაო საათებში შტაბში ყოფნის გამო. გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.


აღსანიშნავია, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის ლიანა კოვზიაშვილის კავშირი „ქართულ ოცნებასთან“ და ამჟამინდელ მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან.

კოვზიაშვილი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში 2018 წლის იანვარში დაინიშნა. მან ქალაქის და რაიონის გაერთიანების შედეგად შექმნილი სააგენტო ჩაიბარა. მანამდე გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოს ნუგზარ ინჯია ხელმძღვანელობდა, ხოლო ქალაქის სააგენტოს ქეთი დვალიშვილი.


ნუგზარ ინჯიამ მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატს გამოუცხადა. რეორგანიზაციის შემდეგ, მისთვის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ადგილი აღარ გამოჩნდა. რაც შეეხება ქეთი დვალიშვილს, იგი კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.


ლიანა კოვზიაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის კონსტანტინე თავზარაშვილის საარჩევნო კამპანიაში. იგი 2014-2017 წლების მოწვევის გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მან პარტიის სახელით, 2014 წელს კენჭი იყარა, როგორც ხიდისთავის მაჟორიტარმა კანდიდატმა.


2017 წლის ჩათვლით, იგი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. კონსტანტინე თავზარაშვილის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რაც ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია დასრულდა, იგი სააგენტოს დირექტორად დაინიშნა.


ოპოზიცია ამბობდა, რომ კოვზიაშვილი თავზარაშვილის ცოლის დაქალია, რის გამოც, მან ჯერ თანამდებობა მიიღო, შემდეგ კი, მივლინებებში დადიოდა.


მმართველი გუნდის სასარგებლოდ საარჩევნო-სააგიტაციო პროცესში აქტიურად იყო ჩართული გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორი გიორგი პურიჭამიაშვილი. იგი ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მუშაობდა იმჟამინდელი კანდიდატების იოსებ მაკრახიძის და თენგიზ ხუბულურის სასარგებლოდ.


გიორგი პურიჭამიაშვილი ფიგურირებდა 2019 წლის 2 დეკემბერს, მცხეთაში ოპოზიციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებს, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მცხეთის მერი და ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ორი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშინ პურიჭამიაშვილი აცხადებდა, რომ ადგილზე შემთხვევით მოხვდა.


რაც შეეხება ახლადშექმნილ ტრანსპორტის სააგენტოს, მის დირექტორად გორის ყოფილი მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დანიშნეს. ის თავადვე ამბობს, რომ „გიორგი ხოჯევანიშვილის ოჯახის ახლობელია და მის მამასთან ერთად, ბევრი კარგი საქმე უკეთებია“.

რა ზიანი მოაქვს ამ ყველაფერს?


ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება მმართველი პარტიის მიერ, – ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელის, ქეთევან ბებიაშვილის თქმით, ქვეყენაში არჩევნების თანაბარ კონკურენტულ გარემოში ჩატარების ნება არ არსებობს.


“მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნების არსებობა, რომ საჯარო სამსახურის რესურსი პოლიტიკური პარტიების მიერ არ იყოს გამოყენებული. ეს სახიფათოა, რადგან ამ დროს ჯანსაღი კონკურენტუნარიანი პროცესი არ გამოდის, რაც დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მახასიათებელია“.


ეს ყველაფერი მმართველი პარტიის კანდიდატს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამყოფებს, რაც დანარჩენი კანდიდატებისთვის არათანაბარ გარემოს ქმნის, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. ლექსო მერებაშვილის თქმით, ადმინისტრაციული რესურსი მმართველი ძალისთვის „საარჩევნო ფორად“ იქცა


„მასწავლებლების მაგალითი რომ ავიღოთ, მათ ძირითადად ხელისუფლების კანდიდატები ხვდებიან, მე არ მახსენდება, რომ ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. ეს მიუთითებს, რომ განათლების სისტემა ჩართულია და ეხმარება ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ამის შედეგი კი ზუსტად ისაა, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა. არჩევნები თანაბარ, სამართლიან გარემოში უნდა ტარდებოდეს“, – ამბობს ლექსო მერებაშვილი.


ხელისუფლებას აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაასაქმოს ა(ა)იპებში, რომ შემდეგ გამოიყენონ არჩევნებზე, აქციებზე და ასე შემდეგ, – ამბობს გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. მიხეილ ჩიტაძის თქმით, ეს არის ანომალია და სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.


“შემდეგ, ეს არის ანომალია, არ შეიძლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებისთვის, მეორე მხარე ის არის, რომ ეს ხალხი სერვისების მიწოდებისთვის კი არ მუშაობს, მათი გულისთვის მუშაობს. ეს არის სისტემური პრობლემა, გაუმართავი, ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, კომუნისტების სისტემა უფრო ღია იყო ვიდრე დღევანდელი.”

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკას” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.