სტატიები

გორის ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის ხარვეზები – ჟურნალისტური გამოძიება

11 მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში, რომლის შენახვა გორის ბიუჯეტს წლიურად 20 მილიონ ლარზე მეტი უჯდება, სულ მცირე 3 000 ადამიანია დასაქმებული. ვინ არიან ეს ადამიანები? რის მიხედვით საქმდებიან ისინი და რა სარგებელს იღებს მუნიციპალიტეტი მათი დასაქმებით? – ეს ის კითხვებია, რომელიც წლებია ისმის. ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით ცდილობს ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკის კრიტიკა უსაფუძვლოდ წარმოაჩინოს, თუმცა ფაქტები, რომლებიც რადიო „მოზაიკამ“ მოიპოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყოველწლიური დანახარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაეფექტურია და ეს დიდწილად აღნიშნული ა(ა)იპების არასწორი საკადრო პოლიტიკით არის გამოწვეული.

ფაქტი 1: ა(ა)იპ-ის „თვითნასწავლი“ მულტიფუნქციური თანამშრომელი ჰყავს

ავთო მებადური გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომელი 2015 წლიდან არის. რადიო “მოზაიკასთან” საუბრისას, მან ვერ გაიხსენა თავდაპირველად, რა პოზიციაზე დაიწყო სააგენტოში მუშაობა.

“აღარ მახსოვს, რა ვიცი, რას ვაკეთებდი. 2015 წელში რაზე გამიფორმეს ხელშეკრულება, არ მახსოვს”, – თქვა მებადურმა.

კითხვაზე, თუ რა პოზიციაზე მუშაობს ამჟამად, გვპასუხობს, რომ სააგენტოში მისი მოვალეობა ვებ-გვერდის ადმინისტრირებაა, თუმცა მისივე განმარტებით, ოფიციალურად ხელშეკრულებით სხვა ფუნქცია-მოვალეობები აქვს დაკისრებული, კერძოდ, ღონისძიებების ადმინისტრირება. მებადური ამბობს, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და სააგენტოში მისვლამდე არც მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა.

“თვითნასწავლი ვარ”, – ასე პასუხობს იგი კითხვას, თუ რა გამოცდილება აქვს ან ვებ-გვერდის მართვასა ან/და ღონისძიებების დაგეგმვაში, თუმცა პასუხის გაცემისას ავიწყდება, რომ ამჟამად სააგენტოს ვებ.გვერდი www.gorikids.ge არ მუშაობს.

მებადური ამბობს, რომ კვლავ სტუდენტია. ღრმა ბავშვობაში გაუვლია “რაღაც კურსები” და თვლის, რომ იმ ფუნქციებს, რასაც სააგენტოში ასრულებს “კარგად უძღვება“.

მისივე თქმით, ბოლო ღონისძიება, რაც მან დაგეგმა, საბავშო ბაღის ზეიმი იყო.

“ზეიმს ვგულისხმობ, აი შემოდგომა რომ დადგა, მაგალითად”, – ამბობს ის.

სად ჩატარდა მებადურის ორგანიზებით ზეიმი, უცნობია. ამის გახსენება მის უშუალო დირექტორსაც გაუჭირდა, რადგან გვითხრა, რომ სააგენტოში მუშაობის დაწყების დღიდან მან საბავშვო ბაღებში ზეიმების ჩატარება აკრძალა.

ფაქტი 2: ა(ა)იპ-ის თანამშომელი ვერ იხსენებს, ბოლოს რა სამუშაო შეასრულა – უფროსი სპეციალისტი ვერც თანამშროლების ვინაობას ასახელებს

კახა ედიშერაშვილი გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის თანამშრომელია 2018 წლიდან.

იგი ამავდროულად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. ედიშერაშვილი 2017 წელს აირჩიეს ტირძნისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მაჟორიტარად.

„მისი მიზანია ინფრასტრუქტურულ, კულტურულ და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობის მიღება“, – ვკითხულობთ მის დოსიეში, რომელიც საკრებულოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ედიშერაშვილი ამბობს, რომ სააგენტოში არსებულ ვაკანსიაზე ახლობლისგან გაიგო, შემდეგ კი, კონკურსი გაიარა, თუმცა განსხვავებულ განცხადებას აკეთებს სააგენტოს დირექტორი გელა კაპანაძე.

„კონკურსები არ ცხადდება, შემოქმედებითი წრეების მასწავლებელთა გარდა. თანამშრომლებს ვარჩევთ მისი კომპეტენციების მიხედვით, დავსხდებით ხოლმე მოადგილეებთან ერთად და ასე ვარჩევთ ახალ თანამშრომლებს“, – ამბობს გელა კაპანაძე რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას.

„კონკურსი იყო გამოცხადებული… საიდან გავიგე ამ კონკურსის შესახებ და ახლობლისგანაც და ინტერნეტიდანაც, შევიტანე განცხადება და… მატერიალურ-ტექნიკურ სამსახურში ვარ, თუ სადმე რამე გაფუჭდება, მაგალითად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სამუსიკო სკოლებში, მივდივარ და ვაკეთებ“, – ამბობს ედიშერაშვილი.

ედიშერაშვილმა იმ თანამშრომლების გვარები ვერ გაიხსენა, ვინც მას ექვემდებარება.

„მე მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვარ. უმცროსი სპეციალისტები ვინ არიან არ მახსოვს, რავი ბევრნი არიან“, – აცხადებს ის რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას.

კახა ედიშერაშვილმა ვერც მის მიერ შესრულებული ბოლო საქმეს იხსენებს.

„არ ვიცი, ახლა ზუსტად რა გითხრათ. ბევრი რამე გავაკეთე და როგორ გითხრათ, აბა?!“

ედიშერაშვილის ანაზღაურება სააგენტოში 509 ლარია, ხოლო საკრებულოში სადეპუტატო საქმიანობისთვის – 400.

ფაქტი 3: ა(ა)იპ-ის თანამშომელმა საბიუჯეტო სამსახურში მუშაობა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ფონზე დაიწყო

ბაქარ გიუნაშვილი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში 2017 წლის 1-ლი ივნისიდან მუშაობს. იგი აღნიშნულ სამსახურში შესყიდვების კოორდინატორის პოზიციას იკავებს.

გიუნაშვილი ამავდროულად არის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. იგი საკრებულოში პარტიული სიით მოხვდა. როგორც თავად ამბობს, მანამდე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო გორში.

„ახალგაზრდულის წევრი დაახლოებით 2015 წლიდან ვიყავი. სააგენტოში ვარ სპეციალისტი, დანარჩენი ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც უნდა გამოითხოვოთ“, – განაცხადა ბაქარ გიუნაშვილმა.

რადიო „მოზაიკასთან“ საუბრისას გიუნაშვილმა არ დააკონკრეტა, რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს დაკისრებული სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ მისი ხელფასი აღნიშნულ სამსახურში 560 ლარია. მის მოვალეობებს შორის არის შესყიდვების გამოცხადება და სატენდერო დოკუმენტაციის მოწესრიგება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სააგენტოს ტენდერი 2018 წლის შემდეგ არ გამოუცხადებია.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო თვეში დაახლოებით, 2-3 გამარტივებულ შესყიდვას ახორციელებს. მაგალითისთვის, მიმდინარე წლის იანვრის თვეში სამსახურს არცერთი შესყიდვა არ ჰქონია, გამოდის, რომ გიუნაშვილის იანვარში საქმე არ ჰქონია, მიუხედავად ამისა, მან ბიუჯეტიდან 560 ლარი მაინც მიიღო.

გიუნაშვილი საკრებულოში არის სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის, ასევე სივრცითი – ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრი. შესაბამისად, სადეპუტატო საქმიანობის განოხრციელებისთვის, ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 400 ლარსაც იღებს.

ფაქტი 4: ა(ა)იპ-ებში მუშაობენ გორის საკრებულოს წევრები „ქართული ოცნებიდან“, მათი ახლობლები და გორის მერიის თანამშრომელთა ნათესავები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40 წევრიდან, 12 ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში „ქართული ოცნებიდან“ მოხვდა. მათგან 3 დეპუტატი საკრებულოს წევრობის პარალელურად, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებშიც მუშაობს. ასევე მმართველი პარტიიდან საკრებულოში მოხვედრილ წევრთა ნაწილის ნათესავები ასევე ა(ა)იპ-ის თანამშრომლები არიან:

  • კახა ედიშერაშვილი კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია;
  • ბაქარ გიუნაშვილი სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მუშაობს;
  • ზაქარია მებადურის შვილი ავთო მებადური სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში მუშაობს;
  • ავთანდილ შოშიაშვილი სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია;
  • ავთანდილ შოშიაშვილის შვილი სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში, ერთ-ერთ სკოლაში მუშაობს;
  • ლია ჩლაჩიძის შვილი გიორგი ჩლაჩიძე სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურში მუშაობს;
  • თამარ მურალოვას ძმისშვილი კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია;
  • კობა ბერინიძის ცოლი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობს.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს შორის არიან გორის მერიაში დასაქმებულ პირთა ნათესავებიც:

  • მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მდინარაძის მეუღლე გიორგი ნასყიდაშვილი სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომელია;
  • მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ბერიანიძის და ნატალია ბერიანიძე კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მუშაობს.

რადიო „მოზაიკას“ მიერ მოძიებული ფაქტები ასევე აჩვენებს კავშირს ა(ა)იპ-ში დასაქმებულ პირებსა და ადგილობრივ დონეზე „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს შორის:

  • გორის ყოფილი მაჟრიტარი დეპუტატის ძმა ალექსანდრე მაკრახიძე კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა;
  • გორის ამჟამინდელი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელი ბაჩანა გვიანიშვილი კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორია;
  • გორის თემის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ხუბულური ძმა კონსტანტინე ხუბულური სპორტის განვითარების და – ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილეა;
  • გორის თემის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის თენგიზ ხუბულურის ძმიშვილი ხატია ხუბულური ტურიზმისა და კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში მუშაობს.

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებთან გასაუბრებამ აჩვენა, რომ ყველა ის ხარვეზი, რაზეც ყურადღება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაამახვილა, არ გამოსწორებულა.

რადიო „მოზაიკას“ მიერ გამოვლენილი ფაქტები აჩვენებს, რომ ა(ა)იპ-ებში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც

  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობები არ აქვთ;
  • მიუხედავად იმისა, რომ ხელფასს იღებენ, ვერ იხსენებენ, ბოლოს რა სამუშაო შეასრულეს;
  • ა(ა)იპ-ებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ფონზე დასაქმდნენ.

ფაქტი 5: ა(ა)იპ-ებში შექმნილია პოზიციები, რომელთა საჭიროება საეჭვოა

„არსებობს რისკი იმისა, რომ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულად არის გაზრდილი”, – დაასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ერთი წლის წინ, თუმცა მას შემდეგ, მუნიციპალურმა ა(ა)იპ-ებმა არათუ შეამცირეს, არამედ გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა.

მაგალითად, აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში დასაქმებულ ადამიანთა პოზიციები იყო: წერილების გადამტანი კურიერი, საპიკნიკე ადგილების მომძიებელი და სასტუმროების და რესტორნების ბაზის შემქმნელი და ბუკლეტების შემგროვებელი. იქვე, აუდიტი ამბობდა, რომ ამ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებმა მათ მიერ თვეების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს. შესაბამისად, აუდიტი მათი მუშაობის საჭიროებას ვერ ხედავდა და დამსაქმებელს საკადრო პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდებდა.

რეკომენდაციის პირდაპირი მნიშვნელობით გათვალისწინების ნაცვლად, სააგენტომ ამ პოზიციებზე დასაქმებული პირები კვლავ სამსახურში დატოვა, უბრალოდ მათ ფუნქცია-მოვალეობები შეუცვალა.

თანამშრომლთა ოდენობა არც სხვა ა(ა)იპ-ებს შეუმცირებიათ. რადიო „მოზაიკას“ მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა:

1. ა(ა)იპ სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოში საპიარო მასალების მომზადებაზე ჯამში 10 ადამიანი მუშაობს. აქედან 5 უშუალოდ სააგენტოში იკავებს პიარის სპეციალისტების პოზიციებს, ხოლო 5 მათგანი მუშაობს ექსტრემალური სპორტის განყოფილებაში შემდეგ პოზიციებზე:
  • ფოტო-ვიდეო გადაღების სექციის ხელმძღვანელი (1 ადამიანი)
  • ვიდეო-ოპერატორი (1 ადამიანი)
  • ფოტო-ვიდეო გადაღების სპეციალისტი (2 ადამიანი)
  • პიარის სპეციალისტი (1 ადამიანი)
  • სპეციალისტი (1 ადამიანი)

რაც შეეხებათ უშუალოდ სააგენტოში საპიარო მასალების მომზადების მიზნით დასაქმებულ ადამიანებს, საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 1 მათგანი შტატიანი თანამშრომელია, ხოლო 4 მათგანი სააგენტომ შტატგარეშედ დაასაქმა.

2. ა(ა)იპ „გორის ფეხბურთის კლუბი გორში“ ჯამში დასაქმებულია 34 მწვრთნელი. ისინი სააგენტოში შემდეგ პოზიციებს იკავებენ:
  • მთავარი მწვრთნელი – 2
  • მწვრთნელი – 18
  • დამხმარე მწვრთნელი – 2
  • მეკარეების მწვრთნელი – 2
  • ფუტსალის მწვრთნელი – 1
  • ფიზიკური მომზადების მწვრთნელი – 1
  • საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი – 2
  • ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი – 1
  • ქალთა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი – 5
  • ფიზიკური მომზადების მწვრთნელი – 1

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მწვრთნელების რაოდენობა მოსწავლეთა ოდენობის შესაბამისია, რადგან ისინი 700-ზე მეტ მოზარდს ავარჯიშებენ.

3. ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ კულტურისა და დასვენების პარკში „ახალბაღში“ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პოზიციისგან სრულიად განსხვავებული კვალფიკაცია აქვთ:
  • – უფროს დენდროლოგად მუშაობს ავტო ინჟინერი
  • – დენდროლოგად მუშაობს სტომატოლოგი
  • – ელექტრიკოსად მუშაობს აგრონომი

რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, სააგენტოში ყველა მათგანი პირადი განცხადების და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შედეგად დასაქმდა.


რას უარყოფენ და რას ადასტურებენ ა(ა)იპ-ის დირექტორები?

ა(ა)იპ-ის ხელმძღვანალები ადასტურებენ, რომ თანამშრომლების შერჩევა ღია კონკურსის წესით არ ხდება.

„ფეისბუქ გვერდზე ვდებთ ინფორმაციას“, „საახლობლო წრეებში ვავრცელებთ ცნობას“, „მერთან შეთანნხმებით ვარჩევთ კადრებს“, „პატარა ქალაქია და ისედაც ვიცით, ვის რა შეუძლია“, – სააგენტოს დირექტორებისგან ასეთი პასუხები მივიღეთ კითხვებზე, როგორ არჩევენ ადამიანებს სააგენტოში დასასაქმებლად.  

შემდეგ კითხვაზე, მათთვის უცნობმა პირებმა როგორ უნდა გაიგონ მათთან დასაქმების შესაძლებლობის შესახებ, კონკრეტული პასუხი არავინ გაგვცა. ისინი ამ საკითხზე ასეთ განმარტებას აკეთებენ:

კეთილმოწყობის სააგენტო: ეგეთი ხალხი მოდის და გვეუბნება, რა შეუძლია.  გამოსაცდელი ვადით ვიყვანთ და თუ თავს გაართმევს, შეიძლება დავასაქმოთ კიდეც.

სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტო: ჩვენთან მუშაობა ძალიან რთულია და ამაში იმითაც ვრწმუნდებით, რომ ვიღაცები მოსულან, დაუწყიათ მუშაობა და უკან წასულან.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტო: რეზიუმეებს ვიტოვებთ მუდმივად და როცა ვაკანსია ჩნდება, ვუკავშირდებით და ვიბარებთ გასაუბრებაზე.

კულტურისა და ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო: ისედაც ყველა ყველას ვიცნობთ. ვიცით, ვის რა შეუძლია. შესაბამისად, მოადგილეებთან ერთად ვჯდები და მაგიდის გარშემო ვწყვეტთ, ვინ შეიძლება დავასაქმოთ.

სტრატეგიული განვითარების სააგენტო: რეკომენდაციების საფუძველზე აგვყვავს თანამშრომლები. ძირითადად, მერიასთან შეთანხმებით ვარჩევთ ადამიანებს.

უმრავლესობა შტატების შემცირების საჭიროებას ვერ ხედავს. მეტიც, ზოგიერთ მათგანს თანამშრომლების დამატებაც სურს. ნაწილი ამას მუნიციპალიტეტში დასაქმების პრობლემით, ნაწილი კი სააგენტოში შესასრულებელი სამუშაოების სიმრავლით ხსნით.

რაც შეეხება სააგენტოში უდიპლომო ადამიანების დანიშვნას, სააგენტოს ხელმძღვანელები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ მათთვის „დიპლომზე მნიშვნელოვანი გაკეთებული საქმეა“.

ყველა მათგანი ადასტურებს, რომ 2017 წლიდან კადრების შემცირება არ მომხდარა. მეტიც, ბოლო წლებში თანამშრომელთა ოდენობა 1000-მდე გაიზარდა და ყველა თანამშრომლის შერჩევა ადმიისტრაციებთან გასაუბრებით, ღია კონკურსის გარეშე მოხდა.


რატომ არ სურთ ა(ა)იპ-ებს საკადრო პოლიტიკის შეცვლა?

ა(ა)იპ-ებს ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანების დასაქმებისთვის იყენებს.  ამ პროცესში კი პრივილეგიით ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სარგებლობენ.  გამჭვირვალე და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული საკადრო პოლიტიკის დანერგვა კი თავისთავად შემცირებს ადამიანების არაგონივრულად დანიშვნის შესაძლებლობას.

სწორედ ასეთი აქცენტები გააკეთეს რადიო „მოზაიკასთან“ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც გორში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აკვირდებიან.

„ა(ა)იპ-ებში პარტიაზე დამოკიდებული ხალხი მუშაობს. შტატები რომ გაბერილია, ეს არის პოლიტიკა. ეს არის მედროშეების დასაქმების პოლიტიკა. ააიპები გადაჭედილია ხალხით, დასაჯდომი ადგილი აღარ აქვთ“, – აცხადებს მიხეილ ჩიტაძე.

ა(ა)იპ-ების საშუალებით ხდება საარჩევნო რესურსის მობილიზება, – არჩევნებთან აკავშირებს არსებულ საკადრო პოლიტიკას გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე.

რეორგანიზაციის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ბევრად გაბერილი ჩტატები, – ამბობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

„გარდა იმისა, რომ ააიპებში არის შტატებით განსაზღვრული თანამდებობები, ხელშეკრულებით გაცილებით მეტ ადამიანს იყვანენ. ა(ა)იპებს უნდა ჰქონდეთ სწორად გაწერილი დასაქმების პოლიტიკა და ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე, მაგრამ ეს რომ გააკეთონ გაიზრდება კონტროლის შესაძლებლობაც. ამჟამინდელი საკადრო პოლიტიკით კი ამასაც იცილებენ თავიდან“, – განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.

ა(ა)იპ-ებში იმაზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე საჭიროა, – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) გორის ოფისის წარმომადგენელი დაკო მურადაშვილი.

„ასევე, არასწორად არის გადანაწილებული კადრები. მაგალითად, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მონიტორინგში ნათლად ჩანს, რომ თვითონ სკოლამდელ დაწესებულებებში, სადაც ბავშვებთან არის სამუშაო გაცილებით მეტი კადრია საჭირო, ვიდრე ადმინისტრაციულ რესურსს სჭირდება თავად სააგენტოში. გამოყოფილი თანხა სოლიდურია და ის უნდა ხმარდებოდეს ხარისხიან სერვისს. რეალურად ის ხარისხი, რასაც ისინი გვთავაზობენ, არ არის დამაკმაყოფილებელი“, – ამბობს დაკო მურადაშვილი.

რა უჯდება ბიუჯეტს ა(ა)იპ-ების საკადრო პოლიტიკა?

ა(ა)იპ-ების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილი სახელფასო ფონდს ხმარდება – რადიო „მოზაიკას“ მიერ მუნიციპალური ა(ა)ი-ებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ უკვე წლებია, გორის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი ყოველთვის აღნიშნული ა(ა)იპებ-ის შენახვისთვის იხარჯება.

მასალა მომზადებულია პროექტის “ადვოკატირების კამპანია გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციისათვის”.

პროექტს გორის სათემო რადიო “მოზაიკა” “ევროპის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი