30 იანვარს შინდისის 17 გმირის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკამ ლადო აფხაზავას უმანსპინძლა.
შეხვედრა გაიმართა წიგნიერების დონის ამაღლების კამპანიის ფარგლებში. წიგნიერების დონის ამაღლება ბიბლიოთეკის 2022 წლის მთავარ მიზანს წარმოადგენს.
კამპანია გულისხმობს საინტერესო სტუმრების მოწვევას ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის ,სხვადასხვა საინტერესო აქტივობების ჩატარებას და აქტიური მკითხველებისთვის წამახალისებელ ჯილდოებს.
“ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ,,იულიუს მაინლმა“ პროექტი #გააზიარეთავგადასავალი დაიწყო, შოურუმში საბავშვო საქველმოქმედო ბიბლიოთეკა მოაწყო და შინდისის 17 გმირის სახელობის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეგროვების ორგანიზება უზრუნველყო. სტუმრები კი ფინჯანი სასმლის თანხლებით, მათ მიერ გაჩუქებულ წიგნებს სამახსოვრო წარწერებს უკეთებდნენ, რათა მათი ემოციები ფურცელზე დაეტოვებინათ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავდნენ”, – ამბობენ კამპანიის ორგანიზატორები.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკის სახელით დაჯილდოვდნენ შინდისის საჯარო სკოლის მოსწავლეები,რომლებიც აქტიური მკითხველები არიან. მათ მადლობის სიგელები და 30 ლარიანი წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ. კამპანიის ორგანიზატორები იმედოვნებენ ,რომ წიგნიერების ამაღლების პროცესში ადგილობრივი ბიზნესიც აქტიურად ჩაერთვება.