საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევსი რუსმა ოკუპანტებმა სოფლის სასაფლაოსთან და სარწყავ არხთან ახლოს ლენტები გაავლეს. ადგილობრივები შიშობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის სოფლის შიგნით გადმოწევას აპირებს.
“რამდენიმე დღეა რაც შევნიშნეთ, რომ ლენტები გაავლეს და რაღაც ნიშნულები ჩაარჭვეს. თუ ამ გეგმას მიჰყვებიან სასაოფლაოც მოჰყვება და სარწყავი არხიც”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ბორდერიზაციის განახლებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოებს ოკუპანტები “ღრმად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ”.
“მომხდარის შესახებ ინფორმირებული ყველა საერთაშორისო პარტნიორი და საკითხი ყველა არსებულ ფორმატში განიხილება”, – აცხადებენ სუს-ში.
ინფორმაცია, იმის შესახებ რომ უახლოეს პერიოდში ახალი ბორდერიზაციის პროცესი დაიწყებოდა დავით ქაცარავამ ერთი თვის წინ გაავრცელა. ქაცარავას ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი უახლოეს პერიოდში აპირებს, რომ დამატებითი ბორდერიზაცია დაიწყოს აძვსა და მეჯვრისხევში. საილუსტრაციოდ მან რუკებიც გამოაქვეყნა, სადაც მონიშნულია ის პერიმეტრი, რომლის ოკუპაციასაც გეგმავს საოკუპაციო რეჟიმი.