ადამიანები

ერთად მეტი სიკეთისთვის – საქველმოქმედო კამპანია თეონა შატაკიშვილმა მეგობრის ხსოვნას მიუძღვნა

“ერთად მეტი სიკეთისთვის” საქველმოქმედო კამპანიაა, რომელიც თეონა შატაკიშვილმა ორი წლის წინ წამოიწყო და მეგობრის, ნათია გველებიანის ხსოვნას მიუძღვნა. რამოდენიმე წელია, თეონა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარება.

თეონასთვის ახლო მეგობრის ისტორია საქველმოქმედო კამპანიის დაწყების შთაგონებად იქცა. მან გაჭირვებული ოჯახებისთვის ნივთების მოგროვება დაიწყო და პანდემიის პირობებში, მათთვის არსებული მდგომარეობის შემსუბუქება სცადა.

“სხვის გასაჭირს ვერ გაიგებ, თუ საკუთარ თავზე არ გამოცდი ადამიანი. როცა ჩემს ახლო მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მის გამო გავერთიანდით უცნობებიც და ნაცნობებიც. მაშინ ვიგრძენი ადამიანების ერთიანობა და ძალა”, – იხენებეს თეონა.

ნათია გველებიანი, წლების განმავლობაში, სიმსივნეს ებრძოდა. მის დასახმარებლად, გორში არაერთხელ მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, რათა შეგროვებული თანხით, ნათიას მკურნალობის ხარჯების დაეფარა.

“ნათიას სიცოცხლე ვერ გადავარჩინეთ, თუმცა მას მერე სულ ვფიქრობდი იმ ადამიანებზე, ვისაც დახმარება სჭირდებათ. ჩვენ ნათიას დასახმარებლად, ვაგროვებდით ნივთებს, ვაწყობდით გამოფენა-გაყიდვებს. ნათიას გარდაცვალების შემდეგ, საკმაოდ ბევრი საჭირო და ოჯახისთვის გამოსადეგი ნივთი დაგვრჩა, რომლებიც მერე სხვა გაჭირვებულ ოჯახებს ვაჩუქეთ”, – გვიყვება თეონა.

ასე დაიწყო საქველმოქმედო კამპანია “ერთად მეტი სიკეთისთვის”, რომელსაც მოგვიანებით სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ.

“შეჭირვებული ოჯახების შესახებ ინფორმაციას მეგობრების, სოციალური ქსელის ან ახლობლებისგან ვიგებ. შემდეგ, განვსაზღვართ, რითი შეგვიძლია დახმარება და ვიწყებთ დაგეგმას, იქნება ეს ნივთების თუ ფინანსების შეგროვება.”

საქველმომედო კამპანიის ფარგლებში, თეონა 10-ზე მეტ ოჯახს დაეხმარა. ამ პროცესში ჩართულები არიან მისი გარდაცვლილი მეგობრის ოჯახის წევრები – ემიგრაციაში მყოფი დედა და ბებია თეონას დროდადრო ფულს უგზავნიან.

“ნათიას ოჯახია აქტიურად ჩართული. დედა და ბებია, რომლებიც ემიგრანტები არიან, მიგზავნიან ფულს, რომლითაც ვყიდულობ პროდუქტებს, სათამაშოებს, ტანსაცმელს, ჰიგიენურ ნივთებს და მერე უკვე ვურიგებთ ოჯახებს. დიდწილად, მრავალშვლიან ოჯახებს ვეხმარებით”.

თეონა ორი შვილის დედაა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მისთვის ყველაზე რთული იმ გაჭირვებული ოჯახების ნახვაა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები იზრდებიან.

“როდესაც ჩემ შვილებს ვუყურებ, არ სცივათ, არ შიათ, პირობები აქვთ და ამ დროს რამდენი ბავშვია, რომელიც ამ ყველაფერს მოკლებულია. უსუსურობის განცდა მეუფლება, რატომ მეტი არ შემიძლია.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.