გორში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის მეორე ფენას აგებენ.
პროექტი, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, 665 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
“ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა კონფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას” , – განმარტავენ მერიაში.
პროექტის მიხედვით ასფალტბეტონის საფარით მოეწყობა ასევე ეზოებში შესასვლელები და ტროტუარები.
რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემაც. ქუჩის მარჯვენა მხარეს მოხდა რკინაბეტონის დაზიანებული კიუვეტების დემონტაჟი და ახლის მოწყობა.
უწყების ცნობით, პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.