გორის ხელოვნების სახლში ნიკო კალანდაძის ფოტოები გამოიფინება, რომელიც გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა გააციფრულა ნეგატივებიდან.
ფოტოებზე აღბეჭდილია მე – 20 საუკუნის გორი და გორელების ყოველდღიურობა.
“გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა გავაციფრულეთ ფოტოგრაფ ნიკო კალანდაძის 20 000-ზე მეტი ფოტო ნეგატივებიდან, რომელსაც ავტორი 1980-იან წლებში იღებდა.ნიკო კალანდაძის არქივი, რომელსაც ფოტოგრაფი დაახლოებით 25 წლის მანძილზე ქმნიდა გორში, წარმოადგენს უნიკალურ ვიზუალურ მასალას, სადაც შეულამაზებლადაა აღბეჭდილი ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების ყოველდღიურობა. საბჭოთა აღლუმები, ქორწილები, ფაბრიკის მუშები, მეგობრების თავშეყრა და პიკნიკები. კალანდაძე უკიდურესი დეტალურობით აფიქსირებს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, რაც საშუალებას გვაძლევს სიღრმისეულად აღვიქვათ საბჭოთა პერიოდის უკანასკნელი ათწლეულები და პოსტ-საბჭოთა რეალობა პროვინციულ ქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თემატიკა სახასიათო იყო საბჭოთა პროპაგანდისტული ფოტოგრაფიისთვის, კალანდაძის ფოტოებს განსაკუთრებულად გამოარჩევს თავისი სიღრმე, კომპოზიციების კომპლექსურობა და ერთგვარი მელანქოლია”, – წერს ხელოვნების სახლი
გამოფენა 10 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება