ახალი ამბები

გორში საშობაო ბაზრობა მოეწყობა

გორში, 26 დეკემბერს 12:00 საათზე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში საშობაო ბაზრობა მოეწყობა.

ინფორმაციას გორის ეპარქია ავრცელებს, გამოფენა-გაყიდვა, მიტროპოლიტ ანდრიას ორგანიზებით იმართება.

“ვისაც გეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების შექმნა, რომლებიც ქსოვთ, ქარგავთ, ძერწავთ, ქმნით სამკაულებს, აცხობთ, ამზადებთ საკონდიტრო ნაწარმს, ჩირეულს, ტყლაპს, ჩურჩხელებს, ტრადიციულ თუ თანამედროვე სახის ქართულ და ევროპულ ტკბილეულს, ჯემებს, კომპოტებს და მურაბებს, მარინადებს, სუფთა თაფლს, საოჯახო ღვინოს და ასე შემდეგ. მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ მათ ვისაც სახლში მოგეპოვებათ ორი ერთნაირი საშობაო თუ საახალწლო თემატიკის სათამაშო, აქსესუარი, მისალოცი ბარათი, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც აღარ მოგწონთ, ან პირიქით ძალიან მოგწონთ და გემეტებათ სხვისთვის, ან სულაც გსურთ, რომ მას ახალი პატრონი გამოუჩნდეს”, – აცხადებენ ეპარქიაში

ორგანიზატორების თქმით, საშობაო ბაზრობაზე გატანილი ნივთები, ან პროდუქტები სიმბოლურ ფასად გაიყიდება. სკვერში განთავსდება სპეციალური ყუთი, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ გაიღონ შესაწირი, გორს ეპარქია ამ თანხით მრევლის ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარება.

ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.

დატოვეთ კომენტარი