სტატიები

რატომ არ მოსწონთ მოქალაქეებს გორის ავტობუსების მუშაობა 

არსებობს ფაქტები, რომ მძღოლები არაკეთილსინდისიერად მუშაობენ”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც ფოტომასალასთან ერთად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოს მიმართავს და სთხოვს აღნიშნული საკითხით დაინტერესდეს. 

“აქ კიდევ ერთხელ იკვეთება თქვენი უმოქმედობა 8 წუთია ასე დგას, ამ დროს რამდენი ადამიანი უცდის მოსაცდელებთან. აქ იმალებიან მთელი დღე და ასე გაჰყავთ დრო. გუშინ საღამოს 7-ის წუთებზე მთლად გამორთულმა ავტობუსმა კულტურის სახლთან ისე ჩაიქროლა მგზავრები ვითომ ვერ დაინახა. ვინ აკონტროლებს მათ მუშაობას? ავტობუსები რომ გიჟებივით დაჰყავთ, არც ბუგაროვკებს ერიდებიან და არც ორმოულ თხრილებს.  ამხელა დაფინანსება გაქვთ მიბაძეთ თბილისს ან ბათუმს, ყველანაირად უკან როგორ ვართ?” – წერს მოქალაქე. 

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე უკმაყოფილება სხვა მოქალაქეებმაც გამოთქვეს, მათი თქმით, ადგილობრვივმა ხელისუფლებამ ავტობუსებისა და მარშრუტების დამატებაზე უნდა იზრუნოს. 

“იქნებ დაამატოთ ავტობუსები არ გიფიქრიათ? თუ მაინც და მაინც კრიტიკულ მედიას უნდა გავაშუქებინოთ მთელს საქართველოში რომ ხელი გაანძრიოთ?! ისიც კი ვერ მოგიგვარებიათ კონტროლიორებს სპეციალური ხელსაწყო შეუძინოთ და მგზავრებს ბარათები შეუმოწმონ და რა ავტობუსების დამატებაზეა საუბარი”. 

გორის მუნიციპალური ტრანსპორტის სააგენტოში მოქალქეების ბრალდებებს, იმის შესახებ რომ მძღოლები არაკეთილსინდისიერად მუშაობენ, არ ეთანხმებიან. სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე. 

“გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს აქვს ლაივკონტროლის სისტემა, რომლის საშუალებითაც ვაკონტროლებთ მძღოლების გადაადგილების მარშრუტს. მოგახსენებთ, რომ ავტობუსებს აქვთ შესვენებებიც და დღის განსაზღვრულ მონაკვეთში ჩერდებიან შესვენებაზე, შესაბამისად, ის შეფასება, რომ მძღოლებს დრო გაჰყავთ და არ მუშაობენ, არის სიცრუე. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ ავტობუსმა მგზავრის მოთხოვნის მიუხედავად არ გააჩერა, ასეთ დროს უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები. აქვე განგიმარტავთ, რომ ავტობუსმა შესაძლოა, არ გააჩეროს, თუ ტექნიკური მიზეზის გამო, ბაზაზე აქვთ გამოძახება. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლადაც უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე”, – აცხადებენ სააგენტოში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.