“სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გამოუტანა განაჩენი. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში ყვალა ადამიანი კანონის წინაშე უნდა იყოს თანასწორუფლებიანი და თუ რამე აქვს დაშავებული, ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი”, – ასე ეხმაურება გორის მერის მოადგილე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ ქუჩის აქციებით “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მხოლოდ არეულობის მოწყობას ცდილობს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერანაირი გამოსვლებით და ქუჩაში აქციების გამართვით ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ მოაწყობენ. საქართველო ვეღარ გაუძლებს არეულობას და დაძაბულობას, რაც მათ სურთ. “ნაციონალურ მოძრაობას” ამის ფუფუნების უფლებას ვერ მივცემთ. ვისაც მოუნდება შიმშილს იწყებს – ეს როგორ შეიძლება, ცოტა სერიოზულად ხომ უნდა მივუდგეთ საკითხებს?! ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები და ამ გამოსვლებით ვეღარაფერს შეცვლიან. თვითონაც დაიღლებიან ქუჩაში სიარულით და მიხვდებიან, რომ არეულობა არ გამოუვათ”, – აცხადებს გორი მერის მოადგილე, თამაზ შიოშვილი.