ბლოგები

როგორ ვხარჯავთ ბიუჯეტს ანუ ჩვენს ფულს?

ავტორი: ალექსი მერებაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შედგება ჩემი, შენი – ჩვენი ჯიბიდან გადახდილი თანხებისაგან. ეს არის საერთო ფული და მას ვიხდით იმისათვის, რომ გავაკეთოთ ის საერთო საქმე, რომელსაც ცალ-ცალკე ვერ შევძლებთ: მაგალითად, დავაგოთ გზები, დავასუფთაოთ ქუჩები, მოვაწყოთ პარკები და ა.შ. ამ საქმის ეფექტურად შესრულებისათვის საჯარო მოხელეებს ვუხდით ხელფასს, ვუსხამთ საწვავს ჩვენს მიერვე ნაყიდ ავტომობილებში, ვუფინანსებთ სხვადასხვა ხარჯებს. ეს მოხელეები მათთვის მიბარებულ ჩვენს საერთო თანხას უნდა ხარჯავდნენ ისეთი მომსახურების/საქონლის შესაძენად, რომლის შეძენის სურვილიც გვექნებოდა მოსახლეობის უმრავლესობას. მაგალითად, უმრავლესობას გვაქვს სურვილი გადავადგილდებოდეთ მოწესრიგებულ გზებზე, ქუჩები სუფთავდებოდეს რეგულარულად, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი პარკი თუ სტადიონი, უზრუნველყოფილი იყოს წყალმომარაგება და ა.შ. 

ჩვენი ფული იხარჯება იმაში, რაშიც ჩვენი სურვილით არ დავხარჯავდით

ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაახლოებით 20-30% იხარჯება მერიის მიერ შექმნილი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ანუ ა(ა)იპების მიერ და გაცილებით ნაკლები გამჭირვალობით, ვიდრე ამას მუნიციპალიტეტის მერია გააკეთებდა. ა(ა)იპების მიერ გახარჯული თანხების ოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუ 2018 წელს ეს თანხა 14 მილიონზე ცოტა მეტი იყო, 2021 წლისათვის ამ თანხამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა. წლიდან წლამდე პირდაპირპროპორციულად იზრდება არამიზნობრივად დახარჯული თანხის ოდენობაც, რომლითაც მუნიციპალიტეტი ა(ა)იპების მეშვეობით ყიდულობს ისეთ მომსახურებას/საქონელს, რაშიც მე და თქვენ ფულს არ გადავიხდიდით.

მაგალითად, ჩვენ არ გადავიხდიდით ფულს ახალი ამბების გასაგებად, რადგან ქვეყანაში მოქმედებს არაერთი ტელევიზია, რადიო, ონლაინ გაზეთი, საიდანაც უფასოდ შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია. თუმცა გორის მერიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ გვჭირდება ინფორმაციის მოწოდება და დააფუძნა ა(ა)იპ გორის მაცნე, რომელსაც ყოველწლიურად უხდის 70 000 ლარზე მეტს ჩვენი საერთო ფულიდან. ამასთანავე, გორის მერიის ე.წ. პიარ სამსახურში დასაქმებულია რამდენიმე საჯარო მოხელე, რომელიც ასრულებს პრაქტიკულად იგივე სამუშაოს, რასაც დაფუძნებული ა(ა)იპი. დამატებით, ზემოთმითითებული ა(ა)იპები ცალ-ცალკე ყიდულობენ პიარ მომსახურებას სხვადასხვა საინფორმაცო საშუალებებიდანაც. 

მუნიციპალიტეტი, რომელსაც ოცდამეერთე საუკუნეში არ აქვს მოგვარებული წყალმომარაგების პრობლემა, სადაც ასობით უსახლკარო ადამიანია რეგისტრირებული და მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ყოველწლიურად აფინანსებს საფეხბურთო კლუბს 700 000-ზე მეტი ლარით. მე და თქვენ, რომ ამ კლუბის დაფინანსება გვსურდეს, აუცილებლად შევიძენდით მის თამაშებზე ბილეთებს. მიუხედავად იმისა, რომ არც თამაშებზეა გულშემატკივართა ანშლაგი და ბილეთებზეც არ არის კატასტროფული მოთხოვნა, მერიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩვენი ფულიდან მილიონამდე ლარით მაინც აფინანსოს ეს კლუბი.

ა(ა)იპ-ებში დასაქმებული არიან, ძირითადად, მმართველი პარტიის კოორდინატორები, მხარდამჭერები და ნათესავ-მეგობრები, რომლებიც ან საერთოდ არაფერს აკეთებენ, ან დაკავებული არიან უსარგებლო საქმით, რომელიც არ შედის გორის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთა საერთო ინტერესებში (იყო შემთხვევები, როდესაც არსებობდა საპიკნიკე ადგილების მომძიებლისა თუ თაროზე წიგნების შემწყობის თანამდებობები). შესაბამისად, ამ ადამიანების ხელფასებში გადახდილი თანხაც არამიზნობრივ ხარჯად ითვლება.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვისაუბროთ იმაზე, რომ ა(ა)იპ-ებისათვის განკუთვნილი თანხის 100% არამიზნობრივად იხარჯება, თუმცა უხეშად შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თანხების ნახევარს ანუ დაახლოებით 10 მილიონ ლარს ყოველწლიურად წყალში ვყრით. 

რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო ყოველ წელს ამ 10 მილიონით, თუკი მას წყალში არ გადავყრიდით?

ბევრი რამ, რაც არსებითად უკეთესობისკენ შეცვლიდა მუნიციპალიტეტს და აქ მაცხოვრებელთა მდგომარეობას, მაგალითად:

  • სასმელი წყლის სისტემის მოწყობა თითოეულ სოფელში საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარი ჯდება, რაც 20 სოფლის მოსახლეობისათვის მოგვარებული პრობლემაა. გორის მუნიციპალიტეტში 120-მდე სოფელია და რამდენიმე წელში სრულად იქნებოდა შესაძლებელი ყველა სოფლის სასმელი წყლის სისტემით აღჭურვა.
  • სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის მოწყობა, რაც დაახლოებით 1000 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის სტაბილურად მორწყვას უზრუნველყოფს, 2 მილიონ ლარამდე ჯდება. 10 მილიონი ლარის ხარჯვის შემთხვევაში, 5000 ჰა მიწის ნაკვეთის გასარწყავიანობა იქნებოდა შესაძლებელი, რაც ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემაა გორის მუნიციპალიტეტში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისათვის.
  • ერთი სკვერის მოწყობა 120-დან 150 000 ლარამდე გვიჯდება, რაც 60-80 სკვერია ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ერთი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას დაახლოებით 50 000 ლარი ჭირდება, რაც ასევე 200 სტადიონი და გაცილებით მეტი სპორტით დაკავებული ბავშვია.
  • ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი ჯდება, რაც 4 საბავშვო ბაღია ყოველწლიურად. ერთი მილიონი ლარია საჭირო საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, რაც 10 რეაბილიტერიებული ბაღია ყოველწლიურად.
  • ერთი მეტრი გზის ასფალტირება დაახლოებით 1000 ლარი გვიჯდება, რაც 10 კმ დაგებული ახალი გზაა ყოველწლიურად მუნიციპალიტეტის სოფლებსა თუ ქალაქში.
  • დღეს, სოციალური პროგრამით ყოველწლიურად ვხარჯავთ დაახლოებით 2 მილიონამდე ლარს. ამ პროგრამით სარგებლობენ ონკოლოგიურად დაავდებული პირები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები და ა.შ. 10 მილიონი ლარის ამ პროგრამაში მიმართვით შესაძლებელი გახდებოდა პროგრამის თანხის 5-ჯერ გაზრდა, რაც ნიშნავს რეალურად გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას 3500-მდე ადამიანისათვის (2020 წელს სწორედ ამდენმა ადამიანმა ისარგებლა შესაბამისი პროგრამით). 5-ჯერ მეტი მედიკამენტის შეძენას შეძლებდნენ ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანები, უსახლკარო პირებს სრულად დაუფინანსდებოდათ ყოველთვიური ქირის თანხა, 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებდნენ მრავალშვილიანი და სოცილაურად დაუცველი ოჯახები.
  • უმისამართოდ ხარჯვის ნაცვლად შეიძლებოდა გუგუტიანთკარში ომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია განხორციელებულიყო, რასაც 2012 წლიდან ითხოვენ აქ მცხოვრები ადამიანები. 
  • შეგვეძლო გორში დაგვეწყო ახალი უბნების განვითარება გზების და საკომუნიკაციო არხების მშენებლობით, რაც წაახალისებდა ბიზნესს წამოეწყოთ მშენებლობები. ფაქტია მიმდინარეობს მშენებლობები, რომელიც ანალოგიურია თბილისისა და სულ მალე მივიღებთ ჩაბეტონებულ და გაუვალ ქალაქს. კორპუსები შენდება უმეტესად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რაც იწვევს როგორც გზების გადატვირთულობას, ისე ქალაქის იერსახის დამახინჯებას. ვხედავთ კულტურულ, საგანმანათლებლო თუ ადმინისტრაციულ შენობებთან აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებს. ამასთან არ ხდება აუთვისებელი ტერიტორიის განვითარება, სადაც შესაძლებელი იქნება მასობრივი მშენებლობების წარმოება, ახალი ურბანული ცენტრების შექმნა. 
  • შესაძლებელია აგვეშენებინა წმინდაწყლისა და კომბინატის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რაც ხელს შეუწყობდა საგზაო მოძრაობის განტვირთვას, ასევე მანძილის შემოკლებას ამ ორ დასახლებას შორის. 

ფაქტია, რომ ჩვენს საერთო ფულს არათუ ცუდად ვხარჯავთ, არამედ ვფლანგავთ, ქარს ვატანთ და ეს თანხა არ არის ცოტა. ზემოთ ჩამოვთვალეთ ის კარგი საერთო საქმეები, რომლის გაკეთებაც შეიძლება თანხების ეფექტური გამოყენებით, და ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი. დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ძალიან ბევრი კარგი საერთო საქმის გაკეთება შეიძლება იმ 10 მილიონით, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენს მიერ არჩეული/დანიშნული ჩინოვნიკები საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არამიზნობრივად ხარჯავენ და მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს ახმარენ და ამას აკეთებენ ისე, თითქოს ეს ჩვენი ფული არ იყოს.

დატოვეთ კომენტარი