ბლოგები

ა(ა)იპ-ები, როგორც „ლუმინალი“

ავტორი: დაკო მურადაშვილი

რატომ არის საჭირო საზოგადოების საჭიროებების კვლევა და რა სერვისები სჭირდებათ რეალურად მოქალაქეებს მუნიციპალიტეტისგან?

კულტურის და ტურიზმის განვითარება გსურთ? – ა(ა)იპი დაგეხმარებათ.
ქალაქს კეთილმოწყობა სჭირდება? – ა(ა)იპი იზრუნებს.
უპატრონო ძაღლებმა შეგაწუხათ? – ა(ა)იპი, ბატონო.
ბავშვი ბაღში გყავთ მისაყვანი? – ა(ა)იპი დაგეხმარებათ.
ახალი ამბები ხომ არ გაინტერესებთ? – ა(ა)იპი გაგაცნობთ.
ქალაქში ტრანსპორტი გჭირდებათ? – ამას ა(ა)იპი მიხედავს.
სპორტის განვითარებით დაინტერესდით? – ამისთვის ა(ა)იპი არსებობს.
იქნებ ფეხბურთის გულშემატკივარი ბრძანდებით? – აქაც. ა(ა)იპ-ია გამოსავალი.
იქნებ საკადასტრო მონაცემებია გასაკეთებელი? ან სულაც ტექნიკური პასპორტი? იქნებ ჭაბურღილის საკითხია გასარკვევი ან მელიორაცია მოსაგვარებელი? – ისევ და ისებ ა(ა)იპი.

ლირიული გადახვევა კი გამოდის, მაგრამ ჩვენი მუნიციპალიტეტის და მისი მრავალირიცხოვანი ა(ა)იპ-ების ამბავზე რატომღაც ნოდარ დუმბაძის თეთრი ბაირაღები და ყველასთვის ნაცნობი „ნუნუ ექიმის და მისი ლუმინალის“ ამბავი მახსენდება. ჩვენ, ადგილობრივი მოსახლეობა, თვითმართველობას როგორც „ნუნუ ექიმს“ ისე ველოდებით, რომ მოაგვარებს ჩვენს პრობლემებს, შეგვიქმნის უკეთეს გარემოს და იზრუნებს ჩვენს კეთილდღეობაზე. რა სერვისიც არ უნდა გვჭირდებოდეს, რა მომსახურებაც არ უნდა ვინატროთ, გამოსავალი თითქოს ერთია და „ლუმინალივით“ ყველაფრის მკურნალი (გამოსავალი) ჩვენი ა(ა)იპ-ებია, თავისი მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით და “იდეალური” მიზნებით.

თუ დეტალურად გადავხედავთ თერთმეტივე ა(ა)იპ-ის დადგენილებას, მათ უფლება მოვალეობებს და „ანოტაციებს“ გავეცნობით, გავითვალისწინებთ ასევე მათ საფასურს (რომელიც 20 მილიონზე მეტი ღირს), წესით არ უნდა გვქონდეს არანაირი პრობლემა და ყველაფერი იდეალურად იყოს, მაგრამ რატომღაც მოსახლეობის კმაყოფილება არსად ჩანს და მხოლოდ წამლის უკუჩვენებას ან გვერდით მოვლენებს ვგრძნობთ.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? პასუხი მარტივია: ან დანიშნულებაა არასწორი ან წამალია უხარისხო!

გორის მუნიციპალიტეტის მთლიანი ბიუჯეტის 40%-ზე მეტი აღნიშნული ა(ა)იპებ-ის საქმიანობისთვის იხარჯება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ და აიპების მიერ განსახორციელებელი საქმიანობების ჩამონათვალს დეტალურად გავეცნობით, შედეგები მუნიციპალიტეტისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი უნდა იყოს.მაგრამ საინტერესოა რამდენად ასახავს ეს ყველაფერი მოსახლეობის რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს?! ამაზე პასუხის გაცემა მეც გამიჭირდება და ალბათ თავად მერიასაც, რადგან ბევრიც რომ ვეცადოთ, ვერ ვნახავთ ვერც ერთ კვლევას, რომლის საფუძველზეც აღნიშნული ა(ა)იპ-ების შექმნის, მათი არსებობის აუცილებლობას და საჭიროებას დოკუმენტურად დაასაბუთებდა ვინმე.

შემთხვევით შევარჩიოთ გორის ნებისმიერი მოქალაქე და ვკითხოთ ჩამოთვლილი ა(ა)იპ-ებიდან კონკრეტულად რომლის საქმიანობა აისახება მის კეთილდღეობაზე?

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქესთვის რომ ეკითხათ, ჩამოთვლილი ა(ა)იპ-ებიდან რამდენიმეს საერთოდ გავაუქმებდი, ზოგიერთს გავაფართოვებდი, ზოგს ბიუჯეტს შევუმცირებდი, ზოგს კი გავუზრდიდი. ისიც კარგად მესმის, რომ დაგეგმვისა და ბიუჯეტის განაწილების დროს ერთი რიგითი მოქალაქის ინტერესების მიხედვით რთულია იმოქმედოს მუნიციპალიტეტმა, მაგრამ რითი მიმტკიცებს რომ მე ერთი ვარ, ვისაც აწუხებს ის ფაქტი, რომ არსებობს ცალკე სპორტის განვითარების ხელშეწყობის და ცალკე საფეხბურთო კლუბის ა(ა)იპი? რითი დამისაბუთებს, თუ რატომ უნდა ვუხადოთ ა(ა)იპ-ს ბიუჯეტიდან თანხა, როცა ინფორმაციის მიღება სხვა უფასო წყაროებიდან მარტივად შემიძლია? იქნებ კიდევ ბევრია ჩემნაირი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საბავშვო ბაღში ბავშვებს ხარისხიანი სათამაშოები ჰქონდეს, ვიდრე ზოგიერთი სამსახურის პიარს პოსტის დაწერაში ხელფასი მივცეთ? ეს იმ შემთხვევაში, რომ ეკითხათ… მაგრამ ვინ გვეკითხება?


ვინმე კითხულობს რეალურად რა სერვისი და მომსახურება სჭირდება მოქალაქეს?


იქნებ ვცდები და იმაზე მეტი .(ა)იპი გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს? იქნებ რომელიმე ა(ა)იპს იმაზე მეტი ბიუჯეტი სჭირდება, ვიდრე დღეს აქვს? იქნებ რომელიმე ა(ა)იპ-ის საქმეს სულაც სხვა კერძო სექტორიდან ბევრად უფრო უკეთესად, ხარისხიანად და იაფად გააკეთებს? ვინ აკეთებს ამის ანალიზს?

სამწუხაროდ, როგორც კი კვლევას ვახსენებთ, ძვირი სიამოვნების, ხელგაშლილობის, ან უბრალოდ თაროზე შემოდებული სქელტანიანი დოკუმენტის ასოციაცია გვიჩნდება, რომელიც დონორებს დავტყუეთ. რეალურად კი საზოგადოების/ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების კვლევა – ესაა მთავარი, რაშიც მუნიციპალიტეტი მართლაც რომ ხელგაშლილი უნდა იყოს და სისტემატიურად აკეთებდეს, მასზე დაყრდნობით გეგმავდეს პროექტებს, ბიუჯეტს და ქმნიდეს საჭიროებების შესაბამის სამსახურებს და თუნდაც ა(ა)იპ-ებს. აი, ასეთია ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის პირადი სურვილი ან ახირება, ეს ჩემი უფლებაა, რომელსაც კანონი მანიჭებს.

ადგილობრივი თვითამართველობის კოდექსისი მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. სწორედ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოსაგვარებლად, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად ეძლევა მუნიციპალიტეტს უფლება, გამოიყენოს ერთ ერთი განხორციელების მექანიზმი და დააფუძნოს/მართოს კერძო იურიდიული პირი.


თუმცა კანონში სულაც არ არის ნათქვამი ის, რომ მაინცდამაინც ა(ა)იპი უნდა დააფუძნოს მუნიციპალიტეტმა იმისთვის, რომ ხარისხიანად განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები. პირიქით კანონი სხვა მრავალ შესაძლებლობასათან ერთად იმასაც გვთავაზობს, რომ უკეთესი კოორდინაციისთვის და ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, მეზობელ მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას და მართოს კერძო სამართლის იურიდიული პირი, რაც ვფიქრობ, თანხების დაზოგვის და საერთო სარგებლის მოტანის კარგი შესაძლებლობაა.

კანონის რომელიმე მუხლის გადამეტებულად გამოყენება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების უგულვებელყოფა არ უნდა იყოს მთლად გამართლებული. თუკი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას და იღებს გადაწყვეტილებას შემჭიდროვებული ბიუჯეტის ფარგლებში დააფუძნოს და მართოს არა ერთი, არამედ 11 ა(ა)პი, მგონი, სრული უფლება გვაქვს მოქალაქეებს ჩვენც გამოვიყენოთ 85-ე მუხლით მონიჭებული უფლება ადგილობრივი თვითმართველობის საქმიანობაში ჩვენი მონაწილეობის შესახებ და მოვითხოვოთ ჩვენი ინტერესების და საჭიროებების შესაბამისად მოქმედება.


„ლუმინალის“ თემას რომ დავუბრუნდეთ, გამოსავალი არა მხოლოდ წამლის გამოწერა, არამედ ჯერ იმის გარკვევაა, რა აწუხებს პაციენტს. ამისთვის კი მისი საგულდაგულოდ გამოკითხვა, მოსმენა და შესაბამისი დიაგნოზის დასმაა საჭირო. როცა იცი, რა კონკრეტული სერვისი სჭირდება შენს საზოგადოებას, რა არის მისთვის პრიორიტეტული, როცა გადაწყვეტილება მონაწილეობითი მიდგომებით არის მიღებული, მაშინ მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებისმიერი ქმედება და მცდელობა განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, გამართლებულად და შედეგზე ორიენტირებილად ჩაითვლება. შესაბამისად, თუ მოკვლევა დაედება საფუძველად ა(ა)იპ-ის შექნას და ამ პროცესში თავად ის ადამიანები იქნებიან ჩართულნი, ვისაც უნდა შეეხოს საქმიანობის შედეგი, მაშინ ა(ა(იპ-ებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ხარჯეფექტურობა და მათი საქმიანობის ეფექტიანობა უზრუნველყოფილი და მოქალაქეთა კმაყოფილება გარანტირებული იქნება.

დატოვეთ კომენტარი