“ქართული ოცნების” გორის ოფისის აღმასრულებელი მდივანი პარტიის “საქართველოსთვის” შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გახარიას გუნდმა მმართველი გუნდის ხმები წაიღო, სხვა შემთხვევაში უფრო მაღალ შეფასებას მიიღებდნენ. ის ყოფილი პრემიერის თანაგუნდელს, გიორგი ხოჯევანიშვილს პარლამენტარობასთან დაკავშირებულ საკუთარ განცხადებას ახსენებს და ფიქრობს, რომ გორი-კასპის მაჟორიტარმა არჩევნებში “ქართული ოცნების” დამსახურებით გაიმარჯვა, რაც ახლა მათი ახალი პარტიისა და მერობის კანდიდატის მიერ მიღებულმა ხმებმაც აჩვენა.
“გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობდა, რომ თვითონ მოუგია თურმე გასულ წელს არჩევნები და “ოცნებას” არაფერი როლი ჰქონია. ახლა ხომ დავინახეთ რეალურად რა შედეგიც მიიღეს ახალ გუნდში. ხოჯევანიშვილმა რამდენიმე %-ით აჯობა პარტიას, რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ მე მოვიგე არჩევნებიო და ახლა ხომ დარწმუნდა, რომ გიგის არ მოუგია და პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” დამსახურებით გახდა. ცალკე გასულებმა რა შედეგიც მიიღეს ვნახეთ ყველამ”, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
რადიო “მოზაიკა” გიორგი ხოჯევანიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა დეპუტატმა განაცხადა, რომ აღნიშნულზე გამოხმაურებას საჭიროდ არ თვლის.