ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქაცარავა ვალია ვანიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ვალია ვანიშვილს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
ქაცარავა ამბობს, რომ ვალია ბებო ოკუპაციის პირისპირ მარტო რჩება და მისი ოჯახის წევრებს მასთან მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ.
“ხვალიდან ვალია ბებო მარტო რჩება. დღეს ჩავუტანეთ შეშა და შეშის ღუმელის მილები. ძალიან გაუხარდა, მაგრამ ამავე დროს თავისი უდიდესი წუხილი გაგვანდო – ხვალ მის შვილს, რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს, უწევს წასვლა. მისი შვილიშვილი, პატარა დათა კი ვეღარ გადმოდის მასთან, ცოტა ხნის წინ რუსები დამუქრებიან, თუ კიდევ გადმოვა ეს ბავშვი, გავაცხინვალებთო. რუსორკები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალია ბებოს შეექმნას ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობები და ის. იძულებული გახდეს ან დატოვოს იქაურობა, ან მოკვდეს”, – ამბობს ქაცარავა.
დავით ქაცარავა ამბობს, რომ ვალია ბებო გარდაცვლილი ქმრის, დათა ვანიშვილის დაპირებას ასრულებს და სახლს არ ტოვებს, რომელიც “რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ უდიდეს სიმბოლოს წარმოადგენს.”
“არ მაქვს დიდი იმედი, რომ პოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვება, მაგრამ ჩვენი დახმარების და გვერდით დგომის გარეშე ვალია ბებო ვერ გაუმკლავდება ოკუპანტების ზეწოლას. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება მოაგვაროს პატარა დათას ვალია ბებოსთან გადასვლის საკითხი”, – წერს დავით ქაცარავა.