2017 წელს, საქართველოს 7 მუნიციპალიტეტთან ერთად, გორს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთვა. მოლოდინები, საბიუჯეტო თანხების დაზოგვასთან დაკავშირებით, სპეციალისტების აზრით არ გამართლდა და 4 წლის შემდეგ ეს საკითხი ისევ აქტუალურია.
რადიო “მოზაიკა” დაინტერესდა რას ფიქრობენ თვითმმართველი ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით, გორის მერობის კანდიდატები და რით ამყარებენ საკუთარ პოზიციას აღნიშნულ საკითხზე.
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის აზრით, 2017 წელს აღნიშნული გადაწყვეტილება შეცდომა იყო და გამარჯვების შემთხვევაში გორელებს ქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად აქტიურ მუშაობას ჰპირდება.
“4 წლის წინ, გორისთვის ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა იყო ძალიან დიდი შეცდომა და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა აღუდგეს გორს ეს სტატუსი. მე, როდესაც გავხდები გორის მერი, ჩემს გუნდთან ერთად ძალიან აქტიურად დავაყენებ ამ საკითხს გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოიპოვებს პოლიტიკურ და ფინანსურ დამოუკიდებლობას. რეალური თვითმმართველობისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტის დამოუკიდებლობა,მათ შორის ფინანსურად. ფისკალური და პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ჩვენი ქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი პროცესია,რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ”, – ამბობს ვასილ მახარაშვილი.
გორისთვის, თვითმმართველი ქალაქის სტატუსის აუცილებლობაზე საუბრობს “ევროპული საქარტველოს” გორის მერობის კანდიდატიც. ეთერ ჯალაღანია ფიქრობს, რომ ეს სტატუსი გორს ბევრად უფრო დამოუკიდებელს გახდის, ვიდრე დღეს არის.
“გორმა უნდა დაიბრუნოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, რადგან მერს და საკრებულოს ჰქონდეს შესაძლებლობა ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად შეძლოს ბიუჯეტის გახარჯვა. გორსა და გორელებზე ბერად მეტად ზრუნვა, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ნიშნავს ნაკლებ ბიუროკრატიას და ბევრად ეფექტურად მუშაობას, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მერიისთვის და საკრებულოსთვის, რადგან ისინი არ იქნებიან ანგარიშვალდებულნი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ბევრად დამოუკიდებლად და ეფექტურად იმუშავებენ გორის და გორელების პრობლემებზე”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” გორის მერობის კანდიდატი, ეთერ ჯალაღანია.
განსხვავებული შეხედულება აქვს ამ საკითხზე პარტიის “გახარია – საქართველოსთვის” გორის მერობის კანდიდატს. კონსტანტინე ანანიაშვილის აზრით, მთავარი სწორი მენეჯმენტია და არა ქალაქის სტატუსი. მისი შეფასებით, არსებული კანონმდებლობით, დღევანდელ რეალობაში გორი არ არის შეზღუდული განავითაროს როგორც ქალაქი, ისე სოფელი. ანანიაშვილი ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა-გაერთიანებაში ვენარაინ პრობლემას ვერ ხედავს.
“ისტორიულად, გორი დაკავშირებული იყო თავის მიმდებარე სოფლებთან. ეს ერთი ორგანიზმი იყო, როგორც ეკონომიკური კუთხით, ისე გეოგრაფიული თვალსაზრისით, ძალიან მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და ამ შერწყმით არაფერი პრობლემა არ არის. მართვის კუთხით ერთიანი ქოლგის ქვეშ უნდა იყოს როგორც ქალაქი, ისე სოფელი. სწორი დაგეგმარებით და სამომავლო პერსპექტივით უნდა განვითარდეს, როგორც ქალაქი, ისე სოფელი. ამაზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ. დღეს ეს რეალობა გვაქვს არსებული კანონმდებლობით. უფლების მხრივ არანაირად შეზღუდული არ არის გორი სხვა საშუალებებით. მთავარია, ჩვენ სწორად განვავითაროთ”, – აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.
გორისთვის, ქალაქის სტატუსის დაბრუნების საკითხში მოქალაქეთა ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი. გორის მერობის კანდიდატი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თვლის, რომ ამ თემაზე საუბრისას ქალაქისა და სოფლად მცხოვრები მოქალაქეთა შეხედულებების გათვალისწინებაა აუცილებელი.
” ამ საკითხზე სიღრმისეული მუშაობაა საჭირო. საკითხის გადაწყვეტის პროცესში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობა, არამედ სამოქალაქო სექტორი და ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი დაინტერესებული პირი. განსაკუთრებით საყურადღებოა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება. როდესად ვსაუბრობთ ქალაქის სტატუსის დაბრუნებაზე, არ უნდა დავივიწყოთ ქალაქში და სოფელებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების აზრთა სხვადასხვაობაც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, აღნიშნული საკითხი დეტალურ შესწავლას საჭიროებს და მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა,” – ამბობს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების შეფასებით, 2017 წელს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, რადგან ქალაქის თემთან გაერთიანების საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართულა, როგორც ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ითვალისწინებს.
“რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით უფრო იკარგება თვითმმართველობის იდეა, ადეკვატურად უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს, ამიტომ, თუკი მუნიციპალიტეტების გამსხვილება ხდება, მაგალითად, ევროპაში, ის ხდება მხოლოდ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში”, – განმარტავს მესამე სექტორი.
ინფორმაციისთვის, 2014 წელს აღდგენილი თვითმმართველობის სტატუსი საქართველოს 7- მა ქალაქმა, მათ შორის გორმა, ზუსტად 3 წელში, კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დაკარგა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, შვიდივე ქალაქის და შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა, მხარი ერთხმად დაუჭირეს. რის შედეგადაც, გორი თვითმმართველ ქალაქად აღარ ითვლება.