“ქართულმა ოცნებამ” გორის მუნიციპალიტეტში მასშტაბური წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. ამ დროისთვის, როგორც ირკვევა, მმართველი გუნდი მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მედიასთან არ ურთიერთობს და საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხების გაცემა არ სურს.
პარტიის გეგმებსა და ხედვებზე რადიო “მოზაიკა” “ქართული ოცნების” შტაბის აღმასრულებელ მდივან თამაზ შიოშვილს ესაუბრა. ის მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია და ვარაუდობს, რომ “ქართული ოცნება” გორში 50%-მდე მხარდაჭერას მიიღებს.
“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაასრულა. როგორ შეაფასებთ ამ პერიოდს, როგორ მიმდინარეობდა მოსახლეობასთან შეხვედრები და განწყობები როგორია დღევანდელი მოცემულობით?
დაახლოებით თვე ნახევარია, ვაწარმოებთ ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას. მერობის კანდიდატთან, ლადო ხინჩეგაშვილთან ერთად, დავდიოდით გორის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 106 სოფელში. ჩვენმა კანდიდატმა არცერთი სოფელი არ დატოვა, ყველგან ჩავიდა, პირადად გაეცნო მოსახლეობას. ყველა იმ სოფლის პრობლემატიკა იცის, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში შედის. როდესაც გახდება ქალაქის მერი, მას უკვე რეალური სურათი ექნება, თუ სად რისი საჭიროება აქვს მოსახლეობას. ასევე ქალაქშიც ყველა უბანში ვხვდებით მოსახლეობას. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ ჩართულები. შტაბი ძალიან სერიოზულად მუშაობს. ყველა მაქსიმალურად ჩართული პროცესში პროპორციული სიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები. ასე ერთ გუნდად მუშაობა გვაძლევს იმის დამაჯერებლობას, რომ ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ.
არჩევნებიდან არჩევნებამდე მოქალაქეთა განწყობები იცვლება. მათი ნაწილი ნიჰილისტურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ განსაკუთრებით. როგორ ცდილობთ ამომრჩევლის გულის მოგებას?
საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა. ჩვენ რაც არ უნდა შევთავაზოთ, საზოგადოება თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვერ დავარქმევდი გულის მოგებას. ეს შეიძლება ხდებოდეს მაშინ, როდესაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არ აქვს არაფერი გაკეთებული, პრობლემები აქვს და ცდილობს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, რა თქმა უნდა გამოწვევები გვაქვს, მაგრამ ისე, რომ ჩვენ ამომრჩევლის გულის მოგებას ვცდილობდეთ ეგრე არ არის. ჩვენ ვპირდებით რეალობას, იმ საქმეების გაგრძელებას, რომელიც დაიწყო აქამდე და რაც არის რეალობა, იმაზე ვესაუბრებით.
რაში გამოიხატება ამომრჩევლის მხრიდან ეს მხარდაჭერა?
ლადოს მიმართ არის ძალიან კარგი განწყობა. სადაც კი ჩავედით, მოსახლეობისგან ძალიან დადებითი მუხტი მოდიოდა ლადოს მიმართ. არა მარტო გორს, მთელ ქვეყანას უყვარს ეს პიროვნება. დარწმუნებული ვარ მერობის პერიოდშიც ასეთი წარმატებული და ყველასთვის მოსიყვარულე ადამიანი იქნება, როგორიც სპორტში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, მაინც ფიქრობთ, რომ წარმატებული მერი იქნება?
მე პირადად გაბედულად მას მხარში იმიტომ ვუდგავარ, რომ სუფთა ფურცლიდან იწყებს თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, სუფთა წარსული აქვს. ლადოს ახლა კი არ სჭირდება მხარში დგომა, ის არჩევნებს მოიგებს ჩვენთან ერთად, მას არჩევნების მერე უფრო დასჭირდება მხარში დგომა, რადგან გორის მუნიციპალიტეტი პატარა არ არის და ყველანი ერთად დავუდგებით მხარში.
ჩვენ ამ დრომდე არ მოგვეცა საშუალება, რომ პირადად მოვისმინოთ მისი ეს შეხედულებები. რატომღაც გაურბის მედიის შეკითხვებს, თქვენ ხომ ვერ გვეტყვით, რატომ არ ურთიერთობს ჟურნალისტებთან?
დამიჯერეთ ამას ობიექტური მიზეზები ექნება – ამზადებს თავის პროგრამას, თუ როგორ წარმოუდგენია გორის განვითარება და რა ხედვა აქვს ამ ყველაფერზე. შესაბამისად, როდესაც ამ პროგრამაზე მუშაობას დაასრულებს, დაჯდება და ყველაფერს უპასუხებს. არ სურს წინასწარ დროს გაუსწროს ალბათ.
ვიდრე ლადო ხინჩეგაშვილი დასახელდებოდა მერობის კანდიდატად, ჩვენთან ინტერვიუში მაშინ თქვით, რომ პოლისჯოხიც, რომ დააყენოს კანდიდატად გორში “ქართულმა ოცნებამ”, მასაც მხარს დაუჭერდით. ნანობთ ამ განცხადებას ახლა ლადოს შემთხვევაში?
მადლობა რომ ეს განცხადება გამახსენეთ, ყოველთვის მინდოდა ამაზე განმარტების გაკეთება. ჩვენ ვართ ადამიანები და არა რობოტები. მე ის სიტყვა “პოლისჯოხი” გამექცა, მაგრამ მე ვიგულისხმე ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვინც არ უნდა დააყენოს კანდიდატად, ყველას მხარს დავუჭერდი, რადგან “ქართული ოცნება” მოიგებს ამ არჩევნებს. მე უბრალოდ დავაფიქსირე ჩემი მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ. მიუხედავად არაერთი პრობლემისა და გამოწვევისა, “ქართული ოცნების” ალტერნატივას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. მით უმეტეს გორში ლადოს ალტერნატივა არ ყავს და უკონკურენტო კანდიდატია.
კოტე ანანიაშვილთან მიმართებითაც ანალოგიური განწყობებია გახარიას გუნდში.
პოლიტიკაში მიდიოდეს ადამიანი და მან თუ არ დაარწმუნა ამომრჩეველი და საზოგადოება თავის გამარჯვებაში, როგორ მიაღწევს პოლიტიკაში რამე წარმატებას?! ანანიაშვილსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. თანამდებობებზე კი მუშაობდა და მენეჯერული თვისებები აქვს, მაგრამ ეგრე ლადოსაც თავისი შექმნილი ბიზნესები/კომპანიები აქვს და ძალიან წარმატებულია. კიდევ დაინახავთ თქვენ ლადოს შესაძლებლობებს. ეს ადამიანი ძალიან დიდი მიზნებით და შემართებით მოდის. ადამიანმა, რომელმაც ამხელა წარმატებას მიაღწია, ჩათვალეთ, რომ დისციპლინა აქვს უმაღლეს დონეზე განვითარებული.
გასაგებია, თუმცა თვითმმართველობის სტრუქტურა მთელ რიგ საკითხებს გულისხმობს, როგორ წარმოგიდგენიათ მისი პოლიტიკურად გამოუცდელობის ფონზე, რამდენად დამოუკიდებელი მერი იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში?
ჩვენ ვართ ერთი გუნდი, აქ საუბარია პარტია “ქართულ ოცნებაზე”, არ არის გუბერნატორი, ქალაქის მერი. არის იურიდიულად ისეთი საკითხები, სადაც პირდაპირ ვერ ჩაერევა ვერც გუბერნატორი და ვერც სხვა თანამდებობის პირი, მაგრამ გუნდთან რომ უნდა შეათანხმოს რაღაც საკითხები, ეს ბუნებრივია.
როგორ ფიქრობთ, იქნებით ისევ მოადგილე ლადოს მერობის შემთხვევაში? ამაზე თუ ყოფილა საუბარი?
არ ვიცი, ვერ გეტყვით, გადაწყვეტენ ალბათ. მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ ამ გუნდის გვერდში ვდგევარ, და გუნდი როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება.
მეორე ტურის ალბათობას რამდენად განიხილავთ?
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე ტური არ იყოს, ლადოს უბრალოდ არ დაუმსახურებია ის, რომ მეორე ტურში მოუწიო ბრძოლა. მან პირველივე ტურში უნდა მოიგოს დამაჯერებლად.