მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით – „ახალგაზრდების როლის გაზრდა მშვიდობის მშენებლობაში“.
ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და გაეროს მუდმივი წარმომადგენელთან საქართველოში საბინე მახლთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ, ასევე მშვიდობის მშენებლობის პროცესით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ.
ახალგაზრდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ვიდეოს საშუალებით მიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ გორელი ახალგაზრდები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ცხოვრობენ.
თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესში ხალხთაშორისი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.