ბიზნესმენმა, რომელიც გორში ტენდერებში იმარჯვებს, “ქართულ ოცნებას” 25 000 ლარი შესწირა.
ნუგზარ აბალაკმა მმართველ პარტიას თანხა 1 სექტემბერს გადაურიცხა. აბალაკი ფლობს კომპანიებს შპს საგზაო სამშენებლო სამმართველო №1 და საგზაო სამშენებლო სამმართველო №2.
აღსანიშნავია, რომ აბალაკმა ოცნებას თანხა 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც გადაურიცხა. მაშინ ბიზნესმენმა პარტიას კანონით დადგენილი მაქსიმალური თანხა 60 000 ლარი შესწირა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ცნობით, 2011 წლიდან დღემდე ამ კომპანიამ სამშენებლო ტენდერებისა და პირდაპირი შესყიდვების გზით სახელმწიფოსგან ჯამურად 205,178,478 ლარი მიიღო . ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი (50,2%) – 103,002,020 ლარი კომპანიამ 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე მიიღო. მხოლოდ 2019 წელს “საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-ის სახელმწიფო ტენდერებიდან მიღებულ შემოსავალმა 56,431,099 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1”-მა 100,000 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გადაურიცხა.