სკოლის დასრულების შემდეგ, გოგონების ნაწილი სწავლა უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებში აგრძელებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა ისინი სკოლის დასრულებისთანავე ქორწინდებიან და სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ. ხშირად ეს გადაწყვეტილება განპირობებულია სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობით, ან/და ოჯახის წევრების სურვილით, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპი, რომ გოგო სკოლის დასრულების შემდეგ უნდა დაოჯახდეს, რადგან მისი მოვალეობა კარგი დიასახლისობაა.
ნინო ოთინაშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებელში გადაწყვიტა და ახლა უკვე სტუდენტია. ის ამბობს, რომ მისი თანატოლების ნაწილს სწავლის გაგრძლების სურვილი არამარტო უმაღლეს სასწავლებელში, არამედ პროფესიულ კოლეჯებშიც არ აქვთ.
ნინო ოთინაშვილი, სტუდენტი
15-დან რომ 5 ბავშვი აბარებს უმაღლესში, არც ისე კარგი მაჩვენებელია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ უმაღლეს სასწავლებელში კი არა პროფესიულ კოლეჯებშიც არ აბარებენ, მიუხედავად იმისა, რომ დევნილი ახალგაზრდებისთვის სწავლა ფინანსდება, მაინც თავს იკავებენ ხოლმე. ზოგს სწავლის საფასურის გარდა, სხვა ხარჯების დაფარვაც უჭირს, ზოგს კი უბრალოდ სწავლის გაგრძლების ინტერესი არ აქვს და დაოჯახებას ამჯობინებს, რადგან ასეთი მენტალობით აღიზარდნენ ოჯახში.
“ახალგაზრდა ფემინისტთა” წარმომადგენელი, მარიამ თოფჩიშვილი ამბობს, რომ ხშირად გოგონები სკოლის დასრულებამდე ქმნიან ოჯახებს და არამხოლოდ უმაღლეს, არამედ სკოლის საბაზისო განათლებასაც ვერ იღებენ.
მარიამ თოფჩიშვილი, “ახალგაზრდა ფემინისტები”
ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც გოგონები რჩებიან განათლების მიღმა, არის ნაადრევი ქორწინება, როდესაც ქორწინებისთანავე უარს ამბობენ სწავლის გაგრძელებაზე. ამას თავის მხრივ განაპირობებს ოჯახის გავლენები, თვითონ ოჯახი ეუბნება გოგონას, რომ ახლა შენთვის სწავლა აღარ არის პრიორიტეტული და ოჯახს უნდა მიხედო ან თვითონ, გოგონას არ აქვს ხოლმე თავისი გადაწყვეტილება გააზრებული. თვითონ სკოლის მხრიდანაც არ არის ხოლმე მიმღებლობა ამ საკითხის მიმართ და ასეც უნდა იყოს, რადგან კანონით 18 წლამდე ქორწინება კანონით არის აკრძალული. სკოლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან დიდია, რადგან მან უნდა მოახდინოს რეაგირება, როცა მოსწავლე დაოჯახდება და გაკვეთილებზე არ დადის, უნდა აცნობოს პოლიციას.
სამოქალაქო განათლების პედაგოგი, მიმოზა ღოლიჯაშვილი ფიქრობს, რომ სკოლა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობს, თუმცა დღემდე არსებობს სტერეოტიპული მოსაზრებები, რომ თითქოს გოგონები აკადემიური მოსწრების ხარისხით ბიჭებს ჩამორჩებიან, რაც გოგონას უბიძგებს განათლებზე უარის თქმისკენ.
მიმოზა ღოლიჯაშვილი, მასწავლებელი
ძალიან ბევრი მოსწავლეა, რომელმაც სკოლაც წარჩინებით დაასრულა და უმაღლესი სასწავლებელიც, მაგრამ დღეს სახლში ზის. ხშირ შემთხვევაში, ეს მათი არჩევანი არ არის, აქ უკვე ოჯახის წევრების დამოკიდებულებაა მნიშვნელოვანი. მეუღლეების მხრიდან არის ხოლმე ისევ ის სტერეოტიპული განწყობები, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში და კაცი უნდა იყოს ძირითადი შემომტანი ოჯახში. სწორედ, ეს ბარიერები ხვდებათ ასეთ გოგონებს, რომლებიც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენენ. სკოლამ და ოჯახმა უნდა შეუწყოს ხელი გოგონებს, რომ იბრძოლონ საკუთარი მომავლისთვის.